ახალი ამბები

ზურაბიშვილის გაფრთხილება საქართველოს უცხოელ პარტნიორებს

25 დეკემბერი, 2019 • 2465
ზურაბიშვილის გაფრთხილება საქართველოს უცხოელ პარტნიორებს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის უცხოელ პარტნიორებს აფრთხილებს, რომ თუ ქართულ საზოგადოებაში გაჩნდება განცდა დასავლეთის მხრიდან დაუბალანსებელ კრიტიკაზე, ეს ნეგატიურად აისახება ჩვენს ორინეტაციაზე, რაც არ უნდა დავუშვათ.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემის “თავისუფალი ხედვა” წამყვანის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად ეთანხმება პრეზიდენტი შეფასებას, რომ უცხოელი პარტნიორების კრიტიკა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გარკვეულ შემთხვევებში იქ ჩასული არასწორი ინფორმაციის შედეგია.

“ვერ შევაფასებ, რამდენად სწორ ინფორმაციაზე დაფუძნებითაა თუ არასწორი, ეს თვითონ უნდა შეაფასონ, საიდან ღებულობენ ინფორმაციებს. მე მხოლოდ ერთადერთ რამეს ვეუბნები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს – ეს არის ის, რომ თუ საზოგადოებაში შეიქმნა განცდა, რომ არადაბალანსებული არის კრიტიკა, თუ გაჩნდა ასეთი შეგრძნება და დამოკიდებულება საზოგადოებაში, ეს აისახება ნეგატიურად სწორედ ჩვენს მთავარ ორიენტაციაზე და ეს არ უნდა დავუშვათ. ეს არის ჩემი გაფრთხილება ამ შემთხევაში. კრიტიკა გასაგებია, საჭიროც არის და ჩვენ სულ ვიყავით ამ რეჟიმში, რომ უცხოეთიდან გვქონდა ეს შენიშვნები, კრიტიკა და ა.შ. ასე რომ, ეს არაფერი გამორჩეული არ არის და არც უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს არის გამორჩეული, მაგრამ ბალანსი არის საჭირო და აუცილებელი”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ხელისუფლება ბოლო პერიოდში ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა გააკრიტიკეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩაგდების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი