ახალი ამბები

“დაგიჭერთ! შენნაირი აქ ათასი მოსულაო” – გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა

24 დეკემბერი, 2019 • 3421
“დაგიჭერთ! შენნაირი აქ ათასი მოსულაო” – გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა

15 წლის ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ დღეს, 24 დეკემბერს, ისაუბრა ლუკას პოლიციაში დაკითხვის შესახებ, რამდენ ხანს გაგრძელდა მისი დაკითხვა, რას ეუბნებოდნენ პოლიციელები და როგორი იყო მოვლენათა ქრონოლოგია.

რამდენი ხანი იყო ლუკა პოლიციელებთან მარტო და რით დაემუქრნენ მას?

„პირველად დაკითხვის შესახებ 10 დეკემბერს გავიგე, დამირეკა დედამ და მითხრა, რომ ისინი 10-ში დილით განყოფილებაში დაიბარეს. მე ჩემს ძმასაც ველაპარაკე და მითხრა, რომ ის დამნაშავე არ იყო. არც სკოლა დაკავშირებია ოჯახს.. დედაჩემი და ჩემი ძმა 10 რიცხვში პირდაპირ დაიბარეს პოლიციაში“, – ასე დაიწყო საუბარი ბექა სირაძემ ჟურანლისტებთან.

გარდაცვლილის ძმა იხსენებს, რომ დაკითხვა თავდაპირველად დედის თანდასწრებით დაიწყო, თუმცა თავიდანვე იყო აგრესიული ფონი – მუქარა, შეურაცხყოფა და გინება.

„დედამ ითხოვა, ვნახავ კამერებს და თუ ჩემს შვილს ამოვიცნობ, არ იქნება ზარალის ანაზღაურების პრობლემაო. ამაზე კი უთხრეს, რომ ჩვენების უფლება მათ [პოლიციელებს] არ ჰქონდათ. ამის შემდგომ იყო მუქარა – „აღიარე, თორემ შენს ძმას პრობლემებს შევუქმნით სასწავლებელში; დაგიჭერთ! ჩაგაყუდებთ! შენნაირი აქ ათასი მოსულა…“, – ყვება ბექა სირაძე.

ამ სიტყების შემდეგ, ძმის ინფორმაციით, დედას პოლიციელთან ერთად მათ საცხოვრებელ სახლში მოუწია დაბრუნება, რათა ლუკას მასწავლებლის ნომერი დაედგინათ. ბექა სირაძე ამბობს, რომ ისინი პოლიციის განყოფილებასთან ახლოს ცხოვრობენ, თუმცა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში ლუკა პოლიციელებთან ერთად მარტო დარჩა.

ბექა სირაძე ამბობს, რომ გამოკითხვა საათები გრძელდებოდა, საღამოსკენ, კი პოლიციელები დაიძაბნენ, გაღიზიანებული იყო ასევე ლუკაც, შესაბამისად, დაკითხვა ხმამაღალი ტონით მიმდინარეობდა. მისივე თქმით, დედა ცდილობდა მოზარდი დაეწყნარებინა, რა დროსაც ერთ-ერთი პოლიციელი „ადგა და ჩემს ძმას შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართა დედის თვალწინ“.

„რაღაც პერიოდის მერე კაბინეტიდან მესამე პიროვნება გამოვიდა და ჩემს ძმას უთხრა, რომ მასთან ერთად შესულიყო. როდესაც იქიდან გამოვიდა, ტიროდა, ითხოვა სასწრაფო დახმარება, რაზეც გამომძიებელმა უპასუხა, რომ მაშინ გამოიძახებდა სასწრაფოს, როდესაც თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ.

სასწრაფოს გარდა, ჩემმა ძმამ მოითხოვა დახმარება სოციალური მხრიდანაც [ავტორისგან: სავარაუდოდ, იგუსლიხმება სოცმუშაკი ან/და ფსიქოლოგი]..

დედამ რომ ჰკითხა, შიგნით რა მოხდა, მან უპასუხა, რომ “კაპეზეთი ემუქრებოდნენ”, – ამბობს ბექა სირაძე, შემდგომ კი ამატებს, რომ ეს გარემოება მისთვის საეჭვოა, ვინაიდან “კაპეზეთი” ლუკას მანამდეც დაემუქრნენ, თუმცა მას დანაშაული არ უღიარებია.

დაკითხვის მეორე დღე – როგორ მოხვდა ლუკა განყოფილებაში და რა მოხდა იქ

ბექა სირაძე ყვება, რომ პირველ დღეს განყოფილებაში სხვა არაფერი მომხდარა. ლუკა დედასთან ერთად მეორე დღეს დილის 11 საათზე დაიბარეს, თუმცა, ძმის სიტყვების მიხედვით, დედას დროსთან დაკავშრებით პრობლემა ჰქონდა, ვინაიდან ექიმთან უნდა წასულიყო:

“…ითხოვა, თუ შეიძლება ცოტა გვიან მისულიყო, რაზეც უთხეს უარი და ამის გამო ჩათვალა დედამ, რომ სჯობდა ადრე მისულიყვნენ. ალბათ, ამაზე იძახიან, რომ მშობელმა თავისი ნებით მიიყვანა შვილი განყოფილებაში. ვერ ახერხებდა ზუსტად 11-ზე და ამიტომ მიიყვანა 10-ზე”, – განმარტავს ბექა სირაძე.

ბექას ინფორმაციით, დაკითხვის მეორე დღესაც გაგრძელდა მუქარა და ყვირილი პოლიციელების მხრიდან, მუქარას კი აწ უკვე დაკავებული, მარიანა ჩოლოიანი იწყებდა. თუმცა გარშემო სხვა პოლიციელებიც იყვნენ, რომლებიც დაკითხვაში – მუქარასა და ყვირილში – პერიოდულად ერთვებოდნენ.

მისივე მონათხრობიდან ჩანს, რომ კამერებიდან ამოღებული ვიდეოკადრებით, რომლებიც შემდგომ მედიის საშუალებით ნახეს, შეუძლებელი იყო ლუკას ამოცნობა. ამას ვერც პოლიციელები ადასტურებდნენ გამოკითხვის დროს. თუმცა “ლუკას ეუბნებოდნენ, რომ სილუეტი შენიაო”.

მოზარდების დაპირისპირება გამოკითხვის დროს და სკოლის ჩართულობა

ბექა სირაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ სკოლისგან მათ არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ. დაკითხვის დაწყებამდე მხოლოდ იცოდნენ ის, რომ იყო რაღაც ზარალი, ლუკას დედა კი ითხოვდა, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ნაცვლად, ის გადაიხდიდა ზარალს და “მშვიდობიანად მოგვარდებოდა ეს ყველაფერი”.

“არანაირი კონტაქტი არ ყოფილა ოჯახსა და  სკოლას შორის”, – ამბობს ბექა სირაძე.

მისი სიტყვებით, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის პირველივე დღეს ერთმანეთს დაუპირისპირეს მოწმეები, რომლებიც მოზარდები იყვნენ.

“გვერდიგვერდ დასვეს ლუკა და მისი სკოლელი… ამ გოგონას ეუბნებოდნენ, ხომ ნამდვილად ლუკა იყოო, ის ბავშვი კი ამბობდა – “არ ვიცი, არ მინახავს და როგორ გიპასუხოთ”, – იხსენებს ბექა სირაძე. ამ ფრაზაში სირაძე გულისხმობს არასრულწლოვანს, რომელმაც, სახელმწიფო ინსპექტორის ინფრომაციით, შემდგომ თვითდაზიანება სცადა.

ბექა სირაძე ასევე საუბრობს მოსწავლეებისგან ე.წ. სქრინშოთების ამოღების შესახებაც და ამბობს: “ლუკას ტელეფონიდან ვერაფერს ამოიღებდნენ იმიტომ, რომ ლუკას სმარტფონი არ ჰქონია, ჰქონდა ფანრიანი ნოკია. როგორც ვიცი, სქრინშოტები სკოლის ბავშვებს გამოართვეს – როგორ გამოართვეს და რანაირად ამოიღეს ეს ყველაფერი, არ ვიცი”.

ამ გარემოების შესახებ მანამდე  ისაუბრა ლონდა თოლორაიამაც, რომელმაც თქვა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას “ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადასცა ჩანაწერები; ასევე, პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები”.

ბექა სირაძე განმატავს, რომ გამოძიებაში ჩართული იყო სკოლის დაცვის თანამშრომელი, თუმცა არ იცის, ბავშვებმა სკოლას სქრინშოტები თავისი ნებით მისცეს, თუ ისინი იძულებით გამოართვეს.

ლუკა სირაძის ძმა ყვება, რომ მათ მთავარი მოთხოვნა იმ პირების დაკავებაა, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას 15 წლის ლუკას დაკითხვის პროცესში. ოჯახი გამოძიებას ენდობა, უახლოეს მომავალში კი, როდესაც დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ინსპექტორს ახალ ჩვენებას მისცემს.


15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ  სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სახელმწიფო ინსპექტორმა სწორედ მოზარდის გარდაცვალებიდან მალევე განაცხადა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მანამდე შსს აცხადებდა, რომ საქმეში პოლიცია უდანაშაულო იყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გამოკითხვა 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ღამის 12-ის ნახევრამდე გაგრძელდა.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, დილით სკოლამ აღმოაჩინა, რომ გარე და შიდა პერიმეტრი იყო მოხატული და გაკეთებული იყო წარწერები; სკოლამ წარწერების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით სათვალთვალო კამერები დაათვალიერა.

თოლორაიას თქმით, დაიწყო ბავშვების გამოკითხვა ჯგუფურად, კადრები აჩვენეს ბავშვებსაც და გამოიძახეს პოლიციაც, რადგან „ჩაითვალა, რომ სკოლისთვის მიყენებული ზიანი იძლეოდა პოლიციისთვის შეტყობინების საფუძველს“.

ლონდა თოლორაიას თანახმად, სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას „ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადასცა ჩანაწერები“; ასევე, მისი ცნობით, „პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები“.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ორგანიზაცია ამბობდა, რომ განყოფილებაში დაკითხვის დროს მოზარდები ერთმანეთს დააპირისპირეს, რაც უკანონოა.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი – მარიანა ჩოლოიანი.

საიას პოზიციით, ლუკა სირაძის მიმართ ზეწოლაში არა მხოლოდ ჩოლოიანი, არამედ 3-4 პოლიციელი იყო ჩართული, რომელთა ბრალეულობის გამოვლენასაც საია ასევე ითხოვს.

სუიციდი არ არის გამოსავალი! 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

  • ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)
  • მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
  • ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22
  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

მასალების გადაბეჭდვის წესი