ახალი ამბებიგართობა

ყველა ტელევიზია ჩაგვაყენეთ თანაბარ მდგომარეობაში – “კავკასია”

23 დეკემბერი, 2019 • 2682
ყველა ტელევიზია ჩაგვაყენეთ თანაბარ მდგომარეობაში – “კავკასია”

ტელეკომპანია „კავკასია“ ამბობს, რომ ბიუჯეტის წინაშე დავალიანებას მანამ არ დაფარავს, სანამ იმავეს სხვა ტელეკომპანიები არ გააკეთებენ.

ამ განცხადებით „კავკასია“ ფინანსთა სამინისტროს გამოეხმაურა, რომელიც ტელემაუწყებლებს ერთი დღის ვადას აძლევს 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაგროვილი დავალიენების ძირი თანხის დასაფარად.

„2019 წლის 14 აგვისტოს ჩვენთვის თქვენი განცხადებიდან გახდა ცნობილი იმ დავალიანების მოცულობის შესახებ, რომელიც ბიუჯეტის წინაშე სამ ტელეკომპანიას დაუგროვდა: რუსთავი2– 28 მილიონი ლარი, ტელეკომპანია “იმედი“– 19 მილიონი ლარი, ტელეკომპანია მაესტრო – 8 მილონი ლარი.

ჩვენთვის მანამდეც ცნობილი იყო, რომ ტელეკომპანიების ნაწილი წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს და ამაში მათ ხელს სახელმწიფო უწყობდა, თუმცა წარმოდგენაც კი არ გვქონდა დავალიანების მასშტაბების შესახებ, რაც ჩვენთვის მართლაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

შოკისმომგვრელია სახელმწიფოს დამოკიდებულება, როცა ის შერჩევით მიდგომას იყენებს ერთი და იგივე ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ, არაკონკურენტუნარიან მდგომარეობაში აყენებს მათ და პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის განვითარებას (მუხლი6 , პუნქტი2 ),“ – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

„კავკასია“ წერილში ამბობს, რომ იმ თანხით, რაც მათ გადასახადების სახით გადაიხადეს, „როცა ჩვენი კონკურენტები პრაქტიკულად გათავისუფლებულები იყვნენ გადასახადისგან“, ისინი ტელეკომპანიისთვის აუცილებელ ტექნიკას შეიძენდნენ და დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდიდნენ.

„თუმცა ჩვენს ნაცვლად ამას აკეთებდნენ ჩვენი კონკურენტები, რომლებსაც არავინ სთხოვდა ბიუჯეტში თანხის გადახდას“.

 „უსამართლობის მასშტაბების გასაჯაროების და გაცნობიერების შემდეგ, ჩვენმა ტელეკომპანიამ პრინციპულად უარი თქვა გადასახადების გადახდაზე მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოდან, სანამ არ გაირკვევა სახელმწიფოს გადაწყვეტილება მილიონობით დავალიანების მქონე არხებთან დაკავშირებით, რითაც პროტესტი გამოუცხადა დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას.

თქვენს უწყებას დღემდე არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია, რა ეტაპზეა მოლაპარაკება ამ არხებთან, როგორ აპირებს სახელმწიფო მათი დავალიანების ამოღებას. ეს პროცესი მიმდინარეობს კულუარებში, რაც კიდევ ერთხელ არღვევს ჩვენს უფლებებს და არათანაბარ მდგომარეობაში გვაყენებს“, – ნათქვამია წერილში.

ტელეკომპანიის თქმით, მართალია, ფინანსთა სამინისტრო თავის განცხადებაში ამბობდა, რომ ითვალისწინებდა არხების ინტერესებს და შეღავათებს უწევდა მათ, „კავკასიას“ არანაირი შეღავათი არ მიუღია და „არც ასეთი ლმობიერი ყოფილა სახელმწიფო ჩვენ მიმართ არასდროს“.

თავის განცხადებაში ტელეკომპანია მოითხოვს:

  • „გასაჯაროვდეს, რა ეტაპზეა ტელეკომპანიების: იმედის, რუსთავი2–ის, მაესტროს მრავალმილიონიანი დავალიანებების საკითხის განხილვა, რას სთავაზობენ ისინი სახელმწიფოს და რას სთავაზობს მათ სახელმწიფო.
  • მოვითხოვთ, ჩაგვაყენოთ ყველა დანარჩენი ტელეკომპანია თანაბარ მდგომარეობაში და არათუ დღეისთვის არსებული დავალიანებები გადაგვინაწილოთ გადახდის იგივე გრაფიკით, არამედ ამ არხების დავალიანების თანხის პროპორციული (ყოველი ცალკეული არხის შემოსავლებთან მიმართებაში, ან დავალიანების დაგროვების პერიოდის გათვალისწინებით) მოცულობის ბიუჯეტში გადახდილი თანხები დაგვიბრუნოთ უკან და მოგვცეთ საშუალება ბიუჯეტს ეს თანხები გადავუხადოთ იმავე გრაფიკით, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ტელეკომპანები დაფარავენ ძველ დავალიანებას.
  • იმ შემთხვევაში, თუ ტვ იმედი, რუსთავი 2 და მაესტრო დაუყოვნებლივ დაფარავენ ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანებას – 55 მილიონ ლარს, გპირდებით, რომ იმავე დღეს დავფარავთ სრულად ჩვენს მიმდინარე დავალიანებას, რომელიც ამ კოლოსალურ თანხებთან შედარებით სასაცილოდ გამოიყურება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„კავკასიის“ თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გატარებული ნებისმიერი ზომა იქნება კონკურენციის შემზღუდავი, არაკონსტიტუციური, უსამართლო და „იმის დემონსტრირება, რომ სახელმწიფო იყენებს შერჩევით მიდგომას სხვადასხვა მედიასაშუალებების მიმართ“.


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელემაუწყებლებს ერთი დღის ვადას აძლევს 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაგროვილი დავალიენების ძირი თანხის დასაფარად.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჯერ კიდევ 2019 წლის 14 აგვისტოს საჯარო განცხადებით მიმართა ტელემაუწყებლებს, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახდო დავალიანების შესახებ, წარმოედგინათ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები, ასევე, დაეწყოთ მიმდინარე დავალიანებების გადახდა.

ვრცლად:

ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს დავალიანების ძირის დასაფარად ერთ დღეს აძლევს

მასალების გადაბეჭდვის წესი