ახალი ამბები

მთავრობა წყნეთის სამთავრობო აგარაკებს 55 მილიონად ყიდის

23 დეკემბერი, 2019 • 1707
მთავრობა წყნეთის სამთავრობო აგარაკებს 55 მილიონად ყიდის

მთავრობა პროექტ “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის” ფარგლებში წყნეთის სამთავრობო აგარაკებს ყიდის. დაბა წყნეთში მდებარე 89 988 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებზე აუქციონი დღეს გამოცხადდა. წყნეთის სამთავრობო აგარაკების საწყისი ღირებულება 55 მლნ ლარს აჭარბებს.

ხელშეკრულებით, ინვესტორი ვალდებული იქნება, ამ ტერიტორიაზე სასტუმრო ააშენოს. ხელშეკრულებითვე განისაზღვრება ინვესტიციის მინიმალური ოდენობაც, რომელიც 20 მლნ ლარს შეადგენს.

პროექტის – “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” – ფარგლებში პირველ ეტაპზე 26 სახელმწიფო ობიექტი გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 41 მლნ ლარი შეადგინა.

29 დეკემბერს ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად 100 სახელმწიფო ობიექტი გამოიტანა.

უწყების შეფასებით, მათი ჯამური საწყისი ღირებულება 150 მლნ ლარი იყო, ხოლო მოსალოდნელი საინვესტიციო ღირებულება – 200 მლნ ლარი.  ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით, საპრივატიზაციო ობიექტები ძირითადად მცირე ბიზნესზეა მორგებული, თუმცა მთავრობა ამ სიას სხვადასხვა ობიექტებს მუდმივად დაამატებს. მინისტრმა მათ შორის წყნეთის სამთავრობო აგარაკებიც დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი