ახალი ამბები

მთავრობა რიყის დოქებს ისევ ყიდის

4 თებერვალი, 2021 • 902
მთავრობა რიყის დოქებს ისევ ყიდის

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ “რიყის დოქები” აუქციონზე კიდევ გამოიტანა. ამჯერად, უფრო ნაკლებ ფასად. რიყის ტერიტორიაზე არსებული 14 591 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებს სახელმწიფო 71 250 000 ლარად ყიდის.

“საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, შესაბამისად, ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი (პროექტი) უნდა შეთანხმდეს თბილისის მუნიციპალიტეტისა და  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან”,-ნათქვამია აუქციონზე განთავსებულ ინფორმაციაში.

აუქციონის პირობებით მყიდველმა, შეძენის შემდეგ, ადგილზე სულ მცირე 10 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ამას გარდა, ინვესტორი ვალდებული იქნება, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე ააშენოს მრავალფუნქციური კომპლექსი, საგამოფენო სივრცეები, დარბაზები ან სასტუმრო.

აუქციონზე განაცხადების მიღება 5 მარტს დასრულდება. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გასულ წელსაც ჰქონდა გამოტანილი რიყის დოქები 95 მლნ ლარად, თუმცა ვერ გაყიდა. ე.წ. რიყის დოქები 2012 წელს აშენდა, თუმცა დღემდე უფუნქციოა. თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებით, ეს უნდა ყოფილი საკონცერტო სივრცე, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი