ნეტგაზეთი | გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულად მიიჩნევს – დე ფაქტო სასამართლო გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულად მიიჩნევს – დე ფაქტო სასამართლო – Netgazeti
ცხინვალი

გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულად მიიჩნევს – დე ფაქტო სასამართლო

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასამართლოს ცნობით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სასჯელს საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოიხდის.

ოსურ მედიასთან საუბარში დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს პრეს-სპიკერმა, ზარინა თედეევამ ასევე განაცხადა, რომ “სასამართლო სხდომის დროს გაფრინდაშვილმა საკუთარი დანაშაული არ აღიარა. ამასთან, განმარტა, რომ სამხრეთ ოსეთის საზღვარი არ გადაუკვეთავს, რადგანაც რესპუბლიკას “საქართველოს ნაწილად, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად მიიჩნევს”.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 20 დეკემბერს, ცხინვალის სასამართლომ არ გაათავისუფლა. გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ბრალდების მხარემ გაფრინდაშვილისთვის 2- წლიანი პატიმრობა მოითხოვა.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების თავდაპირველ განცხადებაში.

19 ნოემბერს ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური] გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი