ახალი ამბები

“სხვა საერთაშორისო მექანიზმები უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ” – ომბუდსმენი გაფრინდაშვილზე

20 დეკემბერი, 2019 • 925
“სხვა საერთაშორისო მექანიზმები უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ” – ომბუდსმენი გაფრინდაშვილზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცხინვალში დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხზე გამოიყენა არაოფიციალური კონტაქტები და გარკვეული დიალოგის ფორმატები. თუმცა, მისი აზრით, არსებობს სხვა საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც ხელისუფლებამ უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს.

ომბუდსმენი საერთშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვას გეგმავს.

“მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ძირითადად გამოიყენა არაოფიციალური კონტაქტები, ასევე, გარკვეული დიალოგის ფორმატები, მათ შორის, რუსეთის ხელიფუსლებასთანაც. ასევე, ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო საზოგადოებას. ვფიქრობ, არსებობს სხვა საერთაშორისო მექანიზმები, რაც უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ არამარტო ამ შემთხვევაში, ზოგადად, ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

მე, როგორც სახალხო დამცველი, ვაპირებ მივმართო სხვადასხვა საერთასორისო ორგანიზაციას, რათა მოვიპოვო მეტი ინფორმაცია, დამატებით რა მექანიზმების გამოყენება შეიძლება. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის პრობლემაა, როდესაც ჩვენ ევროპაში გვაქვს ტერიტორია, სადაც არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არავის მიუწვდება ხელი, ვერავინ შედის ამ ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიაზე ხდება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 20 დეკემბერს, ცხინვალის სასამართლომ არ გაათავისუფლა. გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

მასალების გადაბეჭდვის წესი