ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუსი: გავაგრძელებთ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას

20 დეკემბერი, 2019 • 2413
სუსი: გავაგრძელებთ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას განცხდებით ეხმაურება:

“ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას”.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 20 დეკემბერს, ცხინვალის სასამართლომ არ გაათავისუფლა. გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ბრალდების მხარემ გაფრინდაშვილისთვის 2- წლიანი პატიმრობა მოითხოვა.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

19 ნოემბერს ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური] გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

მასალების გადაბეჭდვის წესი