ახალი ამბები

WSJ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრობს

20 დეკემბერი, 2019 • 2106
WSJ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრობს

The Wall Street Journal-ის სარედაქციო საბჭომ საქართელოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც განხილულია ქვეყანაში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე განვითარებული მოვლენები.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ამერიკას ყოველთვის არ შეუძლია ისეთი სახის რეგრესის შეჩერება, როგორიც საქართველოშია, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ ტრამპს აქვს შესაძლებლობა, მცირედის ფასად დააყენოს საქართველო დემოკრატიის გზაზე.

სტატიაში ასევე მოკლედ არის შეჯამებული საქართველოში ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მმართველობის ბოლო შვიდი წელიწადი:

“უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ქვეყანა ეფექტურად იმართება ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე და მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ლიდერია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ივანიშვილმა და მისმა მოკავშირეებმა შეარყიეს ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტები და ძალადობივად დაარბიეს საპროტესტო აქციები”, – წერია სტატიაში.

სტატიაში ასევე ხაზგასმულია საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებები იმის შესახებ, რომ ქვეყანას სურს ითანამშრომლოს ვაშინგტონთან, ასევე, გაერთიანდეს ევროკავშირსა და ნატოში, თუმცა “მმართველმა პარტიამ საქართველოს უბიძგა კვლავ მოსკოვის გავლენის ქვეშ დაბრუნებისკენ”, – ვკითხულობთ სტატიაში.

ამერიკული გამოცემის სარედაქციო ჯგუფის მიერ დაწერილ სტატიაში ასევე მოხსენიებულია მიმდინარე წლის  ზაფხულში საქართველოში განვითარებული მოვლენები, როდესაც “მმართველმა პარტიამ საქართელოს პარლამენტში დაპატიჟა რუსეთის დუმის დეპუტატები. რუსი პოლიტიკოსის დაჯდომამ სპიკერის სკამზე  ბევრი ქართველი აღაშფოთა… დემონსტრაციების ჩასახშობად კი ივანიშვლის მთავრობა ხალხს საარჩევნო რეფორმას დაჰპირდა”, – ნათქვამია სტატიაში.

“ოპტიმისტური განწყობა დიდხანს არ გაგრძელებულა” – ასე გრძელდება სტატია, სადაც განხილულია საქართველოს ყოფილი თავდაცვის და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას “დაწინაურება”. WSJ ასევე აკრიტიკებს თეთრი სახლს წარსულში დუმილისთვის.

“თუმცა საქართველოსთვის ჯერ კიდევ არ არის გვიან. ქვეყანა ერთ დროს უკრაინის მსგავსი სახელმწიფოებისთვის ანტიკორუფციული სისტემის მაგალითი იყო და ჯერ კიდევ აქვს თავისუფალი პრესა და ძლიერი, თუმცა ალყაშემორტყმული ოპოზიცია. ტრამპს ან შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს კიდევ შეუძლია, განცხადების გაკეთებით დაეხმაროს პროტესტანტებს და ბატონ კინზინგერს”, – განმარტებულია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მეტის გაკეთება შეუძლია. სარედაქციო ჯგუფის ავტორობით დაწერილ სტატიაში განხილულია ბიძინა ივანიშვილის ქონებაც, რომელიც 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა და რომელსაც დიდი რაოდენობით ფასიანი ქაღალდები აქვს დასავლეთშიც:

“მის [ივანიშვილის] ქონებაზე სანქციების დაწესების საფრთხე, ასევე მოგზაურობის შეზღუდვა მისთვის და მისი ახლობლებისთვის, უფრო მეტად გამოაფხიზლებს, ვიდრე საჯარო განცხადებები”, – ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიის დასასრულს კი ვკითხულობთ, რომ ამერიკას არ შეუძლია უკარნახოს საქართველოს, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში მოვლენები, თუმცა მას შეუძლია უბიძგოს მმართველ პარტიას, იმოქმედოს უფრო დემოკრატიულად და საქართელოს პოლიტიკურ მოძრაობას ახალი სიცოცხლე შესძინოს, რომლის შემდეგაც საქართველო ვაშნგტონსა და ბრიუსელს ამჯობინებს მოსკოვის ნაცვლად.

ამავე თემაზე

“სპეკულაციაა” – მდინარაძე ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი