ახალი ამბები

საქართველოს დელეგაცია კრიტიკული წერილის ავტორ კონგრესმენს შეხვდა

19 დეკემბერი, 2019 • 1975
საქართველოს დელეგაცია კრიტიკული წერილის ავტორ კონგრესმენს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში ვიზიტისას კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს, ადამ კინზინგერს შეხვდა.

კინზინგერი, დემოკრატ კონგრესმენ ჯერალდ კონოლისთან ერთად, ავტორია საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილი კრიტიკული წერილის, სადაც ხელისუფლებას პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო აკრიტიკებენ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხების, საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ისაუბრა შეხვედრისა და აშშ-ის კონგრესის წევრების წერილთან დაკავშირებით.

“კონგრესმენების წერილში იგრძნობა საქართველოს მხარდაჭერის და გულშემატკივრობის სულისკვეთება, რასაც ყველა ძალიან ვაფასებთ. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად განაპირობებს ვაშინგტონში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიწოდებას. რადიკალური ოპოზიციის მიერ საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის დაზიანების, დესტრუქციული ნაბიჯების და მიზანმიმართული მცდელობის საპასუხოდ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიურ რეჟიმში კომუნიკაციას და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მათთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარებმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა და დემოკრატმა ჯერალდ კონოლიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი მისწერეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო აკრიტიკებენ და ამ ფაქტს შოკისმომგვრელს უწოდებენ.

„ქართველებს უნდათ ხელისუფლება ადამიანებისგან და ადამიანებისთვის. მათ უნდათ ისეთი მმართველობა, რომელიც უფრო მეტად ითანამშრომლებს დასავლეთთან და მიმართული იქნება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. სწორედ ამ გარემოების გამო მრავალი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში იმისთვის, რომ თავისი დარდი მშვიდობიანად გამოხატოს. სანაცვლოდ, კი მათ იქ დახვდნენ მოძალადეები“, – ნათქვამია წერილში.

 

ამ თემაზე:

კამპანია კონგრესმენების წინააღმდეგ FB-ზე – „ოცნების“ კრიტიკის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი