ახალი ამბებისაზოგადოება

კამპანია კონგრესმენების წინააღმდეგ FB-ზე – „ოცნების“ კრიტიკის შემდეგ

18 დეკემბერი, 2019 • 6487
კამპანია კონგრესმენების წინააღმდეგ FB-ზე – „ოცნების“ კრიტიკის შემდეგ

მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) და ჯერალდ (ჯერი) კონოლიმ (დემოკრატი) პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გაუგზავნეს, ქართულ ფეისბუკ-სივრცეში მათ წინააღმდეგ აქტიური კამპანია გაჩაღდა

კინზინგერს სხვადასხვა გვერდი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან აკავშირებს, რის არგუმენტადაც ასახელებენ მის თბილისში ვიზიტსა და მასთან ერთად გადაღებულ კადრებს; ამასთან, წარმოაჩენენ, თითქოს კონგრესმენების კრიტიკული განცხადება უმნიშვნელოა.

ეს იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებში მიღწეული არნახული პროგრესის დამამტკიცებელ საბუთად სწორედ კონოლისა და კინზინგერის ინიციატივით გასული ორპარტიული რეზოლუცია — „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მოაქვთ. ვის აწყობს მათი დისკრედიტაცია?

რა წერია კონგრესმენების წერილში

16 დეკემბრით დათარიღებულ წერილში კონგრესმენები, კინზინგერი და კონოლი, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ პროპორციული არჩევნების ჩაგდებისა და დემონსტრაციის დაშლისას ძალის გადამეტების გამო.

„ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც გავიგეთ პროპორციული წესით არჩევნების დაპირებული რეფორმის ჩავარდნის შესახებ“, – წერია მიმართვაში.

ამასთან, კონგრესმენების თქმით, მართალია, სამოქალაქო და ძალადობრივი არეულობის დროს ხელისუფლებას შეუძლია კანონიერი და პროპორციული ძალა გამოიყენოს, თუმცა დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეთა უფლებას, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები.

„თავზარდამცემია ამბები იმის შესახებ, რომ ასობით დემონსტრანტი, ჟურნალისტი და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი დაშავდა ან საავადმყოფოში მოხვდა, გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალის მეშვეობით“, – ვკითხულობთ წერილში.

რას წერენ გვერდები ფეისბუკზე

განცხადების გავრცელებიდან მალევე ფეისბუკის სხვადასხვა გვერდზე კონგრესმენების მადისკრედიტირებელი პოსტების გავრცელება დაიწყო.

მაგალითად, გვერდმა „სირცხვილის კორიდორმა“, რომელსაც „მედიის განვითარების ფონდის“ პროექტი „მითების დეტექტორი“ ახასიათებს, როგორც პროსახელისუფლებო გვერდს, დაწერა, რომ კინზინგერი „მიხეილ სააკაშვილის ძველი მეგობარი და გულშემატკივარია“.

სქრინშოტი „სირცხვილის კორიდორის“ ფეისბუკიდან

ამის დასასაბუთებლად გვერდმა გამოაქვეყნა [უხმო] ვიდეო სააკაშვილის პრეზიდენტობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროიდან, სადაც კონგრესმენი კინზინგერი სააკაშვილს სტუმრობს. ეს ვიდეო სხვა გვერდებმაც გაავრცელეს, მაგალითად, გვერდმა „ამხილე“.

სქრინშოტი „ამხილეს“ ფეისბუკიდან

ფეისბუკზე გავრცელდა ამ შეხვედრის ამსახველი კადრებიც, წარწერით, რომელიც კინზინგერს სააკაშვილის მეგობრად წარმოაჩენდა.

გავრცელებული კადრი სხვადასხვა მადისკრედიტირებელი წარწერით

ეს ფოტო კინზინგერის მადისკრედიტირებელი ტექსტით გაავრცელა კიდევ ერთმა გვერდმა, „ხელოვნური ინტელექტის ბლოგი“, რომელსაც ადრე „გიორგი აღაპიშვილის ბლოგი“ ერქვა.

სქრინშოტი „აღაპიშვილის ბლოგის“ ფეისბუკიდან

„მითების დეტექტორის“ ინფორმაციითვე, ეს გვერდი, რომელიც ფეისბუკზე 2019 წლის 22 ივლისიდან ფუნქციონირებს, პროსახელისუფლებო გვერდია და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტებისა თუ პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ პოსტებს ავრცელებს.

მითების დეტექტორის გამოკვლევის თანახმად, „გიორგი აღაპიშვილის ბლოგის“ პროფილის ფოტოზე გამოსახული ადამიანი საერთოდ არ არსებობს და ფოტოს დეტალების ანალიზი და გენერირებული ფოტოების დამახასიათებელი ნიშნები უჩვენებს, რომ ფოტო პროგრამულად არის შექმნილი და რეალურ პიროვნებას არ ეკუთვნის.

არადა, ამავე გამოცემის თანახმად, „აღაპიშვილის ბლოგს ქართული ონლაინ პლატფორმები ხშირად იყენებენ  წყაროდ და მასზე დაყრდნობით სასურველ გზავნილებს სხვა გვერდებზე და ონლაინ პლატფორმებზეც დებენ“.

კინზინგერთან შეხვედრები

ადამ კინზინგერი (რესპუბლიკელი) და გერი კონოლი (დემოკრატი) აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარები არიან. სწორედ მათი თაოსნობით მიიღო 2019 წლის ოქტომბერში აშშ-ის კონგრესში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი. კანონპროექტს 31-მდე თანასპონსორი ჰყავდა, როგორც დემოკრატიული, ასევე, რესპუბლიკური პარტიებიდან.

ეს აქტი წარმომადგენელთა პალატას 2019 წლის იანვარში წარუდგინეს კონოლიმ და კინზინგერმა. 18 იანვარს, აქტის წარდგენის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მათ მადლობა ამ სიტყვებით გადაუხადა:

„ჩვენ მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით კონგრესმენებს, კონოლისა და კინზინგერს, საქართველოსადმი მუდმივი ყურადღებისა და ძლიერი მხარდაჭერის გამო“.

2019 წლის ნოემბერში, უკვე აქტის მიღების შემდეგ, კინზინგერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეხვდა თბილისში და მადლობა გადაუხადა.

არჩილ თალაკვაძე და ადამ კინზინგერი

„ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებასა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება“, – წერია პარლამენტის გავრცელებულ პრესრელიზში.

იმავე ვიზიტის ფარგლებში, 8 ნოემბერს, თბილისში ჩამოსულ კინზინგერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც შეხვდა და მანაც გადაუხადა მადლობა ამ აქტის ინიცირების გამო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ ინტერვიუში 27 ნოემბერს განაცხადა, რომ სინამდვილეში საქართველოს არასდროს ჰქონია ისეთი მხარდაჭერა აშშ-სგან, როგორიც დღეს აქვს და ამის ერთ-ერთ დასტურად წარმომადგენლობით პალატაში მიღებული აღნიშნული ორპარტიული დოკუმენტი დაასახელა.

რას ამბობს ახლა მთავრობა?

ჟურნალისტებთან საუბრისას კინზინგერისა და კონოლის წერილზე პასუხად გახარიამ 17 დეკემბერს ჯერ განაცხადა, რომ ყველა სახის კრიტიკას იღებს მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან სამუშაო რეჟიმში და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, შემდეგ კი თქვა:

„არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც უკვე გავლილია. ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ“.

ვის აწყობს კონგრესმენების დისკრედიტაცია?

დავით რაქვიაშვილი, საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ამჟამინდელი ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და საზოგადო მოღვაწეების არაერთი თაობის შრომის შედეგია და ამ კონტექსტში განიხილავს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფსაც.

„ეს ათეულობით წლის განმავლობაში შექმნილი ფორმატია და ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ასევე სენატის გადაწყვეტილებებზე“, — ამბობს იგი.

რამდენად რეალისტურია შეფასება, რომ კინზინგერი რომელიმე ქართველი პოლიტიკოსის გავლენით აკეთებს ამ კრიტიკულ განცხადებას? დავით რაქვიაშვილი ამბობს:

„საქართველოს მიმართ ამერიკის მხარდაჭერა ეყრდნობა არა რომელიმე პოლიტიკოსის სიმპათიას, არამედ იმ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებას, რომელშიც ჩვენ ერთნი ვართ.

ასე რომ, ნებისმიერი სპეკულაცია, რომ ამერიკის რომელიმე კონგრესმენს, ან მით უმეტეს, ქვეყნის მხარდამჭერი ასეთი მძლავრი ორგანიზაციის მხრიდან გაკეთებული განცხადების საფუძველი არის რომელიმე პოლიტიკოსის პირადი სიმპათია-ანტიპათია, არის, რა თქმა უნდა, უცოდინარობა იმისა, თუ როგორ მუშაობს ამერიკაში პოლიტიკა, ან როგორ ყალიბდება ამერიკული საგარეო პოლიტიკა“.

კონგრესმენების წერილს დავით რაქვიაშვილი აფასებს, როგორც მეგობრების ღია წერილს, რომელიც იმ ტრადიციებში ეწერება, „რა ტრადიციებსაც ამერიკული დემოკრატია ავითარებს“, და ის არ უნდა აღვიქვან, როგორც „საქართველოს საწინააღმდეგო წერილი“:

„ის ზუსტად იმ ღირებულებებს უსვამს ხაზს, რის გამოც ჩვენ ვართ მეგობრები და პარტნიორები და სტრატეგიული თანამზრახველები… ამერიკის შეერთებული შტატები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ურთიერთობას, რომ მათთვის საქართველოში მიმდინარე პროცესები, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე და, შესაბამისად, ქართველი ხალხის ღირსეული ადგილის დამკვიდრების პერსპექტივაზე ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი ამაზე რეაგირებენ“.

შესაბამისად, როგორც რაქვიაშვილი ამბობს, ყველა ის ქმედება, რომელიც მიმართულია, რომ ეს წერილი წარმოაჩინოს, როგორც ვიწროპარტიული ინტერესით, ან კონკრეტული პიროვნების მხარდაჭერით ნაკარნახევი, ან როგორც მხოლოდ მეორე კონკრეტული პიროვნების საწინააღმდეგო, მიმართულია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ბზარის შეტანისაკენ. ეს კი, მისი შეფასებითვე, პირველ რიგში, რუსეთის ინტერესებში შედის.

დავით რაქვიაშვილი

„რუსეთის ინტერესები მანიფესტირებულია მათ რიტორიკაში. საკმარისია, მოისმინოთ, რას საუბრობენ რუსები მედიასაშულებებით, ან როგორ საუბრობს მათი დიპლომატიური უწყება, ან მათი სხვა სატელიტური წარმონაქმნები“…

„მას შემდეგ, რაც საქართველომ განაცხადა, რომ მიისწრაფვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მას მერე, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა დინამიკური გახდა — და ეს 1990-იანი წლების ბოლოდან უკვე შეუქცევადი ხდება — რუსეთის მთავარი მეცადინეობა და ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ ჩრდილი მიაყენოს ამ თანამშრომლობას და ათასგვარი პროპაგანდისტული ინსტრუმენტით ცდილობს, რომ წარმოაჩინოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ქართული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი