ახალი ამბები

საბანკო სესხების აღება მოქალაქეების ნაწილისთვის კვლავ მარტივდება

19 დეკემბერი, 2019 • 3443
საბანკო სესხების აღება მოქალაქეების ნაწილისთვის კვლავ მარტივდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ამბობს, რომ ე.წ საბანკო რეგულაციების მნიშვნელოვანი გამარტივება იგეგმება. მთავარი ცვლილება დადგენილ კოეფიციენტებს შეეხება, რომლითაც განსაზღვრულია, მოქალაქემ შემოსავლის რა ნაწილი უნდა მიმართოს სესხის მომსახურებაზე.

ნიკოლოზ გაგუა ნეტგაზეთს ეუბნება, რომ შემოსავლების კატეგორია ოთხიდან ორ ჯგუფამდე მცირდება.

1000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში 35% იქნება PTI კოეფიცინტი, ანუ თანხის ოდენობა, რისი მიმართვაც მოქალაქეს სესხის დასაფარად შეუძლია. 1000 ლარს ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში კოეფიციენტი 60%-მდე იზრდება.

გაგუა გვპასუხობს, რომ დაბალ შემოსავლზე გადასახდელი თანხის გაზრდის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ და კოეფიციენტი ისევ მაღალი შემოსავლის მქონე პირებს გაუზარდეს. ანუ მათ, ვისაც, გაგუას თქმით, შესაძლებლობა აქვთ, თუმცა რეგულაციის გამო სესხის მოცულობას ვერ ზრდიდნენ.

“იპოთეკურ სესხებზე ეს კოეფიციენტი, პრაქტიკულად, არ იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი თანხის 20%-ს წინასწარ გადაიხდის. ანუ აქ პროცენტები შიდა საბანკო წესით დარეგულირდება. მაგალითად, თქვენ თუ გაქვთ 1000 ლარი ხელფასი, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ 35%-ზე მეტი, ანუ 350 ლარზე მეტი სესხში არ უნდა გადაიხადოთ, მაგრამ თუ ბინის ღირებულების 20%-ს გადაიხდით, მაშინ თქვენზე ეს შეზღუდვა აღარ გავრცელდება. მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ თქვენ იპოთეკურ სესხში შემოსავლის 50%-ს იხდით, შემდეგ დამატებით სამომხმარებლო სესხსის აღება გაგიჭირდებათ.

მინდა გითხართ, რომ ცვლილებების საბოლოო ვარიანტით ბანკები კმაყოფილი არიან. სესხის აღების გამარტივებით რეალურად ბიზნესპროცესები მარტივდება”, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

დღეს მოქმედი დადგენილებით ეროვნულ ბანკს შემოსავალი სულ ოთხ კატეგორიად აქვს დაყოფილი:

  • 1000 ლარამდე
  • 1000 – 2000 ლარამდე
  • 2000 – 4000 ლარამდე
  • 4000 ლარზე მეტი

გასული წლის 25 დეკემბერს დამტკიცებული დებულებით ეროვნულმა ბანკმა დაადგინა, ხელფასთან მიმართებით რამდენი უნდა იყოს ყოველთვიური სასესხო გადასახადი.

წყარო: ეროვნული ბანკი

მაშინ ცენტრალურმა ბანკმა რეგულაციები მომხმარებელთა ინტერესების დაცვითა და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზეზებით ახსნა. ცვლილებით, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებული გახდა, მომხმარებელს შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები მოსთხოვოს. ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შემზღუდავი დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი