ახალი ამბები

EMC: დაღუპული მოზარდის ტრაგიკული შემთხვევა ააშკარავებს სახელმწიფოში არსებულ სისტემურ გამოწვევებს

18 დეკემბერი, 2019 • 873
EMC: დაღუპული მოზარდის ტრაგიკული შემთხვევა ააშკარავებს სახელმწიფოში არსებულ სისტემურ გამოწვევებს

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე განცხადებას აქვეყნებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ააშკარავებს სახელმწიფო უწყებებში არსებულ სისტემურ გამოწვევებს.

EMC მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო და სამართალდამცავმა სამსახურებმა ვერ შეძლეს მოზარდის ინდივიდუალური საჭიროებების გამოკვეთა და ამ საჭიროებებზე მორგებული მხარდამჭერი სოცილური და ფსიქოლოგიური მიდგომების გატარება.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს საქმე ააშკარავებს განათლების, მართლმსაჯულების და სოციალური მხარდაჭერის სისტემების გაუმართაობას და მათ შორის კოორდინაციისა და ურთიერთგაძლიერების მიდგომის სისუსტეს:

“ცხადია, ამ პირობებში მიუღწეველი რჩება „არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსის“ მიზნები, რომლის ამომავალ პრინციპს მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა წარმოადგენს. ამავდროულად, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

EMC-ის თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ცალსახად იკვეთება, რომ პოლიციის განყოფილებაში მოზარდის დაკითხვისას უხეშად დაირღვა პროცესუალური სტანდარტი, რომელიც საგამოძიებო უწყებას ავალდებულებს, რომ არასრულწლოვნის დაკითხვას ესწრებოდეს მისი კანონიერი წარმომადგენელი.

ორგანიზაციის თქმით, ამ პროცესში აგრეთვე შეილახა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი, რაც გულისხმობს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში” აცხადებენ, რომ ამ საქმის მნიშვნელობისა და მძიმე კონტექსტის გათვალისწინებით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავთა მხრიდან კანონდარღვევების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად, ღიად და გამჭვირვალედ, რა დროსაც უზრუნველყოფილი იქნება მაღალი საზოგადოებრივი ნდობა.

ორგანიზაციის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს რეგულარული ანგარიშგება და საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიებაზე, რათა არ გაჩნდეს კითხვები გამოძიების არასრულფასოვნებასა და კონკრეტული პირების დაუსჯელობაზე.

EMC აღნიშნავს, რომ ამავდროულად, აღნიშნულ პრობლემაზე რეაგირება არ უნდა ამოიწუროს მხოლოდ კონკრეტული თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების გატარებით და დღის წესრიგში უნდა დადგეს სამართალდამცავი უწყებების სისტემური რეფორმირების საკითხი.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ არსებითია, სამართალდამცავმა სისტემამ სათანადოდ გაიაზროს დანაშაულების სტრუქტურული, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზები და მათ ტრანსფორმაციული, და არა მხოლოდ რეპრესიასა და დასჯაზე ორიენტირებული, მიდგომებით გაუმკლავდეს:

“საქართველოში, სადაც სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, სოციალური დაუცველობა, სოციალური ფრუსტრაცია მზარდია და მასშტაბური, არ შეიძლება სახელმწიფოს მხოლოდ ადამიანების დასჯაზე ორიეტირებული საპოლიციო პოლიტიკა ჰქონდეს. არსებითია სამართალდამცავმა სისტემამ, სხვა რელევანტურ სოციალურ და განათლების უწყებებთან ერთად, დანაშაულის პრევენციაზე, თემზე და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომებით იმუშაოს. ცხადია, ამ პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას და მხარდაჭერას საჭიროებენ არასრულწლოვნები, რომელთაც სახლემწიფოსგან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა და დაცვა სჭირდებათ.

ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებით რეფორმებს სამართალდამცავ სისტემაში, თუმცა ეს ძალისხმევა ამ სისტემას უფრო ჰუმანურს, სოციალურ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებულს და სანდოს არ ხდის. ამის მიზეზი, პოლიციელების ინდივიდუალური თვითნებობისა და გადაცდომის მიღმა, სახელმწიფოს, როგორც არსებითად დამსჯელი მექანიზმის გაგებაშია. დამსჯელი სახელმწიფოს კონცეფცია ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში გაბატონებული ხედვაა და არსებითად გამორიცხავს მზრუნველი სახელმწიფოს გაგებას, რომელიც ადამიანების და ჯგუფების სოციალურ ტრანსფორმაციაზე, განვითარებაზე და მხარდაჭერაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

სიმპტომატურია ისიც, რომ წლების განმავლობაში სოციალური მომსახურების და განათლების სისტემის რეფორმები სუსტი და არაჯეროვანია. ამ სფეროებში დახარჯული რესუსრსების მასშტაბი სახელმწიფოსთვის მათ არასაკმარის პრიორიტეტულობასაც აჩვენებს. ბუნებრივია, რომ ამ პროცესში სუსტი და არასაკმარისია სამართალდამცავი და განათლების და სოციალურიდ დაცვის სისტემების კოორდინაცია და ურთიერთმხარდაჭერა” ,- ამბობენ ორგანიზაციაში.

EMC აღნიშნავს, რომ ლუკა სირაძის ტრაგიკული საქმე არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ააშკარავებს სახელმწიფო უწყებების რეპრესიულ და კარცერულ ბუნებას. მათ შორის, ორგანიზაცია იხსენებს დემურ სტურუას და ა. კვირიკაშვილის საქმეებს. ორგანიზაციის თქმით, საზოგადოებას კვლავაც არ აქვს პასუხები, თუ რა ზომები მიიღო სახელმწიფომ წარსულში მსგავს ტრაგედიებზე.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს

ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე ეფექტიანად, ჯეროვნად და დროულად გამოიძიოს და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია;

გამოძიების პროცესში არსებითად დაინახოს ყველა საჯარო რგოლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, სამართლიანი რეაგირების ზომები მიიღოს;

საქართველოს მთავრობას

სხვადასხვა აქტორების მონაწილეობით გააანალიზოს არასრულწვლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები და სხვადასხვა უწყებების კოორდინირებით შეიმუშაოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს;

სკოლებში გაძლიერდეს ფსიქოლოგიური და სოციალური დაცვის სამსახურები და მოსწავლეთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა დაინერგოს.

დანაშაულთა ბრძოლის პოლიტიკაში გაიაზროს დანაშაულის სტრუქტურული სოციალური მიზეზები და გააძლიეროს სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციისა და ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული მუშაობა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი