ნეტგაზეთი | პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძეს ცრუ დასმენის თაობაზე ბრალი წარუდგინა პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძეს ცრუ დასმენის თაობაზე ბრალი წარუდგინა – Netgazeti

პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძეს ცრუ დასმენის თაობაზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ბრალდებით გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარუდგინა. ოქროპირიძეს ბრალი ლაშა მახარაძის მკვლელობაშიც ედება და მის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატრიმობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა გიორგი ოქროპირიძემ სახალხო დამცველის რწმუნებულს განუცხადა, რომ მას სასჯელაღსულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის საფუძველზეც 25 სექტემბერს პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მითითებული გარემოება ოქროპირიძემ დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რა დროსაც დაასახელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი და მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება.

გამოძიების მსვლელობისას დაიკითხა ათეულობით მოწმე. მათ შორის, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე პატიმრები. ჩატარდა ექსპერტიზები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და განხორციელდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის #8 დაწესებულებიდან ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას გ.ოქროპირიძე ითხოვდა თბილისის #8 დაწესებულებაში დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა, რომ იგი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო, რითაც დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა სისტემას.

რეალურად კი, როგორც მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, გ.ოქროპირიძეზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან. ბრალდებულის მიმალვის საფრთხის და ნასამართლობის გათვალისწინებით, მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით პროკურატურა უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავს გ.ოქროპირიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის მოთხოვნით. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

რაც შეეხება ოქროპირიძის პირველ ბრალდებას, გამოძიების ცნობით, 2014 წლის 2 სექტემბერს, ღამით, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო თვითონ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება გიორგი ოქროპირიძის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებებით, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

5 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ნაფიცმა მსაჯულებმა 13-საათიანი განხილვის მიუხედავად ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რის გამოც მოსამართლე ეკა არეშიძემ ისინი დაითხოვა. მოსამართლის თქმით, ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა 2015 წლის 10 ივნისს, 12 საათზე შეირჩევა. ხოლო გიორგი ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობის ვადა 12 ივნისს ეწურება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ქოქოშვილი