ახალი ამბებისამართალი

ბათუმის ციხის ადმინისტრაციამ ნუგზარ თაბაგარის პროცესზე მისაყვანად მანქანა ვერ გამოყო

20 მარტი, 2018 • 3223
ბათუმის ციხის ადმინისტრაციამ ნუგზარ თაბაგარის პროცესზე მისაყვანად მანქანა ვერ გამოყო

დღეს, 20 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრის და გიორგი ოქროპირიძის საქმის მთავარი მოწმის, ნუგზარ თაბაგარის საქმის განხილვა იყო ჩანიშნული, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ ავტომობილების არასაკმარისი რაოდენობის მიზეზით მისი ტრანსპორტირება ვერ უზრუნველყო, რის გამოც პროცესი სამი კვირით გადაიდო. ნუგზარ თაბაგარი ბადრაგებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

დღევანდელ პროცესზე ნუგზარ თაბაგარი აპირებდა მოსამართლის წინაშე დეტალურად ესაუბრა, თუ რა პირობებში იხდის სასჯელს ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებაში და რაში ადანაშაულებს კონკრეტულად ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

მოსამართლე თამარ ხაჟომიამ პროცესზე პენიტენციური დაწესებულების საბადრაგო სამმართველოს უფროსის, გრიგოლი ჩხოტუას წერილი წაიკითხა, სადაც აღნიშნულია, რომ ნუგზარ თაბაგარი ბათუმიდან თბილისში სატრანსპორტო საშუალების არასაკმარისი რაოდენობის გამო ვერ გადმოჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ბათუმის ციხის ადმინისტრაციამ მინიმუმ ორი კვირით ადრე იცოდა თბილისის საქალაქო სასამართლოსგან, რომ ნუგზარ თაბაგარის პროცესი 20 მარტს იყო ჩანიშნული.

ბათუმის პენიტენციური დეპარტამენტის საბადრაგო სამმართველოს უფროსის წერილი თბილისის საქალაქო სასამართლოს

რატომ ვერ ჩამოიყვანეს ბათუმის ციხიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ნუგზარ თაბაგარი

 

თამარ ხოჯავამ ნუგზარ თაბაგარის ადვოკატს შესთავაზა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით წარმართონ პროცესი, თუ იქნება პატიმარი თანახმა. მოსამართლის თქმით, რადგან ნუგზარ თაბაგარი ხშირად საუბრობს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, იმიტომ სთავაზობს პროცესის ჩატარების ამ ფორმას.

ნუგზარ თაბაგარის ადვოკატი ბესარიონ ბოჭორიშვილი კი აცხადებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია მისი თბილისის პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოყვანა, რადგან ის პროცედურები, რაც დაუნიშნა ექიმმა, არც ბათუმის არცერთ საავადმყოფოშია და არც N3 პენიტენციურ დაწესებულებაში. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არასათანადოდ მკურნალობენ, ხოლო ასეთ მდგომარეობაში პატიმრის ბათუმის ციხეში ყოფნას “სამედიცინო წამებას” უწოდებს. ბესარიონ ბოჭორიშვილის თქმით, მას აქვს ოფიციალური დოკუმენტი, რაზე დაყრდნობითაც აცხადებს ამას. ბრალდების მხარე კი ირწმუნება, რომ ბათუმში პატიმრის მკურნალობისთვის ყველანაირი პირობაა უზრუნველყოფილი, თუკი ამის საჭიროება არსებობს.

მოსამართლემ დაცვის მხარეს ჰკითხა, თუ რა მოსაზრება ჰქონდა ნუგზარ თაბაგარს მისი მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვაზე, თუმცა თამარ ხაჟომიამ თავადვე დასძინა, რომ პატიმარს მის გარეშე არ სურდა სასამართლოში საქმის განხილვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ნუგზარ თაბაგარის საქმის საბოლოო განხილვა, რომელიც რამდენიმე საათი შეიძლება გაგრძელდეს, 10 აპრილისთვის (14:00 საათზე) გადაიდო.

[red_box]სიახლეები ნუგზარ თაბაგარის საქმეზე[/red_box]

განმცხადებელი ნუგზარ თაბაგარი, რომელიც 2005 წლის 13 დეკემბერს ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდებით  გაასამართლეს, სასჯელს ხონის №9 საპყრობილეში იხდიდა. 2008 წლის 12 აგვისტოს თაბაგარი რამდენიმე სხვა პატიმართან ერთად ციხიდან გაიქცა. ცოტა ხნის შემდეგ ის დააკავეს და ციხიდან გაქცევის გამო მის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით დაიწყო გამოძიება, მათ შორის საპყრობილის პერსონალისადმი დაუმორჩილებლობისა და თავდასხმის, საპყრობილეში უკანონო ნივთების შენახვისა და გაძარცვის მცდელობის გამო.

2009 წლის 9 მაისს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ თაბაგარი დამნაშავედ ცნო და 28 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2010 წლის 16 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. თაბაგარმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა გადაწყვეტილება სამართლებლივი საკითხების დარღვევის საფუძველზე, მაგრამ 2010 წლის 30 ივნისს განმცხადებლის სარჩელის მიღებაზე უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა. საქმის მასალების შესაბამისად, სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ვერ უზრუნველყო განმცხადებლის რეგულარული დასწრება სასამართლო სხდომებზე.

2013 წლის იანვარში განმცხადებლის სასჯელის ვადა 10 წლით შემცირდა 2012 წლის 28 წლის დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე. თაბაგარი ციხეში   არაერთგზის დაექვემდებარა სხვადასხვა ფორმით ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას და არასათანადო მოპყრობას. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე დაიწყო გამოძიება თაბაგარის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის პირველი საქმე (#088098009) შეეხებოდა 2008 წლის აგვისტოდან 2009 წლის იანვრის პერიოდში განმცხადებლის მიმართ ქუთაისის №2 საპყრობილეში არასათანადო მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდს. 2009 წლის 27 ნოემბერს განმცხადებლის მიმართ ქსნის №7 საპყრობილის პერსონალის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე წარდგენილი საჩივარი დაემატა სისხლის სამართლის პირველ საქმეს (#088098009).

2010 წლის 28 მაისს პროკურორმა დანაშაულის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულების უქონლობის საფუძველზე საქმე შეწყვიტა. თაბაგარმა გაასაჩივრა პროკურორის გადაწყვეტილება, მაგრამ ამ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ გამოიტანა. სისხლის სამართლის მეორე საქმეზე (#073090285) ძიება 2009 წლის 12 ივნისს დაიწყო და ეხებოდა ქსნის №7 საპყრობილეში 2009 წლის 30 ივნისს განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობის კიდევ ერთ ფაქტს. ეს საქმეც შეწყვიტეს. განმცხადებელს, რომელსაც უარი ეთქვა მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე, არ მიეცა პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება.

2009 წლის 15 დეკემბერს, განმცხადებლის რამდენიმე საჩივარის საპასუხოდ, რომლებიც ციხის საავადმყოფოში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე წარადგინეს, განმცხადებლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ციხის პერსონალისადმი დაუმორჩილებლობისა და მათზე თავდასხმის ბრალდებით. 2010 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო თაბაგარი. სასამართლომ დაადგინა, რომ ციხის თანამშრომლების მიერ თაბაგარის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი ფაბრიკაციას წარმოადგენდა, რომლის ერთადერთ მიზანს შეადგენდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. განმცხადებელს 12 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ძალაში დატოვა განაჩენი. 2011 წლის 17 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში განმცხადებლის სარჩელი, რომელშიც სამართლებლივი საკითხები იყო გასაჩივრებული.

ნუგზარ თაბაგარი

2009 წლის 13 მაისს კიდევ ერთ საქმეზე დაიწყეს ძიება (სხეულის მსუბუქი დაზიანება), განმცხადებლის მიერ ქსნის №7 საპყრობილეში თვითდაზიანების რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით (#073090245). საქმის მასალების შესაბამისად, მოცემული სისხლის სამართალწარმოება ამჟამადაც მიმდინარეობს. განმცხადებელს, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა აქვს, თავისუფლების აღკვეთის პირობებში  თვითდაზიანების ტენდენცია ჰქონდა. მასალებში ასახულია ასეთი ეპიზოდები და საუბარია მათ მაღალ სიხშირეზე. მას რამდენიმეჯერ რეკომენდაცია გაეწია გაევლო სრული ფსიქიატრიული კვლევები და მკურნალობა ამბულატორულ პირობებში. მიუხედავად ამისა, ციხის ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო მოცემული სამედიცინო რეკომენდაციების შესრულება. 2011 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა სასამართლომ შეატყობინა საქართველოს მთავრობას, რომ განმცხადებელი კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლის საფუძველზე ასაჩივრებს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდს და ამ ფაქტების არაეფექტურ გამოძიებას, ასევე საპყრობილეში ადეკვატური სამედიცინო მკუნალობის მიუწვდომლობას;

გარდა ამისა, განმცხადებელი კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე ასაჩივრებს, რომ მას არ მიეცა ციხიდან გაქცევის ფაქტზე მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე გამართულ სასამართლო განხილვებზე დასწრების შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობას ეთხოვა, წარედგინა სასამართლოსთვის თავისი მოსაზრებები ამ ფაქტების თაობაზე. საქმის მორიგებით დასრულების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ 2013 წლის 19 აპრილს საქართველოს მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს, რომ რამდენიმე გასაჩივრებულ საკითხთან დაკავშირებით მზადყოფნას აცხადებს, მორიგებით დაასრულოს საქმე, მაშინ, როდესაც სხვა საკითხებთან დაკავშირებით სარჩელს დაუშვებლად მიიჩნევს.

მთავრობამ განაცხადა, რომ განმცხადებლის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3, მე-6 (1 პარაგრაფი, 3 პარაგრაფის გ და დ ქვეპარაგრაფი) და კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას. მთავრობა მზადყოფნას აცხადებს, უზრუნველყოს განმცხადებლისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარება მის ფსიქიატრიულ და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან დაკავშირებით; ჩაატაროს ეფექტური გამოძიება სისხლის სამართლის მეორე და მეოთხე საქმეზე; გადაუხადოს განმცხადებელს 9 000 ევრო მატერიალური და არამატერიალური ზიანისა და სხვა ხარჯების დასაფარად;

ევროპულმა  სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთავრობის განცხადებაში ასახულ რამდენიმე ზომაზე, მაგალითად, განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულ სისხლის სამართლის მეორე და მეოთხე საქმის ფარგლებში ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებაზე. საქართველოს მთავრობას ათი ათასი ევროს გადახდა დააკისრა იმის პარალელურად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სახელმწიფო იზრუნებდა, ხოლო წამების საქმეებს გამოიძიებდა.

თაბაგარის ადვოკატი, ბესარიონ ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებულ მოვალეობას ნაწილობრივ ასრულებს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ მკურნალობენ სათანადოდ. თავად ნუგზარ თაბაგარი აცხადებს, რომ მას მოკვლითაც ემუქრებიან. ნუგზარ თაბაგარი „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ის არცერთ შემთხვევაში თავს არ მოიკლავს და თუ რამე მოუვა, პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს.

ნუგზარ თაბაგარი ასევე გახლავთ გიორგი ოქროპირიძის საქმის მთავარი მოწმე, რომელმაც ბათუმის ციხის ადმინისტრაცია ასევე დაადანაშაულა არაადამიანურ მოპყრობაში. თაბაგარმა ოქროპირიძის საქმეზე გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ ბათუმიდან თბილისისკენ მგზავრობისას ბადრაგი მოკვლით დაემუქრა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. ე.წ. ცრუ დასმენის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ოქროპირიძე გაამართლა, თუმცა პროცესი სააპელაციოში გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი