ნეტგაზეთი | გიორგი ოქროპირიძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის ლიკვიდაცია იგეგმება გიორგი ოქროპირიძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის ლიკვიდაცია იგეგმება – Netgazeti

გიორგი ოქროპირიძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის ლიკვიდაცია იგეგმება

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის დედა ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაცია მისი შვილის წინააღმდეგ პროვოკაციებს აწყობს.

ოქროპირიძის დედა ცირა გოდერძიშვილი ამბობს, რომ რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გიორგი ოქროპირიძეს ციხის დირექტომა “სპარტაკა” მიუგზავნა, რომელიც მას დაემუქრა.

“მიშველეთ, გუშინდელი ინგა გრიგოლიას გადაცემის შემდეგ გიორგისთან საკანში შევიდა #3 დაწესებულების ყოფილი დირექტორის, ეხლა #6 დაწესებულების დირექტორის ბრძანებით ჯალათი სპარტაკა- რომელიც ბათუმში აწამებდა და არაერთი საჩივარია პროკურატურაში, თუმცა უშედეგოდ არ სჯიან და გიორგის უთხრა – ”შენი ადვოკატები კიდევ არ ჩერდებიანო . . . გინებით” გიორგი მიმხვდარა რომ პროვოკაცია მზადდებოდა და იმის შიშით რომ არაფერი ჩაედოთ ჯიბეში, ჯიბეში ჩაუყვია ხელები, ამის მერე სპარტაკა დამუქრებია – თვითონ სპარტაკას თავისი მაისური შემოუხევია და უთქვამს – ”ეხლა ნახე რას გიზავენოოოოო” . . .” – წერს ცირა გოდერძიშვილი ფეისბუქზე.

ცირა გოდერძიშვილი მოითხოვს, რომ საკანსა და კორიდორში ვიდეოთვალის მიერ ჩაწერილი კადრები არ წაიშალოს და მის მიხედვით დადასტურდება, თუ ვინ იყო საკანში.

გიორგი ოქროპირიძე

გიორგი ოქროპირიძე

ცირა გოდერძიშვილი ასევე აცხადებს, რომ დაგეგმილია მისი შვილის ლიკვიდაცია, რასაც შემდეგ თვითმკვლელობად გამოაცხადებენ.  დედის თქმით, გიორგი ოქროპირიძემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

მათე ხარჭამაძე, ოქროპირიძის ადვოკატი ამბობს, რომ ამ პროვოკაციის მიზანი ისაა, რომ გიორგი ოქროპირიძემ 12 ივნისს არ დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება.

“არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მოხდეს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება გიორგი ოქროპირიძის მიმართ, რომ ის არ გათავისუფლდეს 2015 წლის 12 ივნისს”, – განუცხადა მათე ხარჭემაძემ “რუსთავი2”-ს.

5 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ნაფიცმა მსაჯულებმა 13-საათიანი განხილვის მიუხედავად ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რის გამოც მოსამართლე ეკა არეშიძემ ისინი დაითხოვა.

მოსამართლის თქმით, ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა 2015 წლის 10 ივნისს, 12 საათზე შეირჩევა. ხოლო გიორგი ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობის ვადა 12 ივნისს ეწურება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ინფორმაცია, თითქოს ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ გიორგი ოქროპირიძე მარტო არ იმყოფება მე-6 დაწესებულების კორპუსში, მისი საკანი აღჭურვილია ვიდეოთვალით და მის მიმართ უსაფრთხოების ყველა ზომაა გატარებული. სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის 3 მონიტორი იმყოფება.

გამოძიების ცნობით, 2014 წლის 2 სექტემბერს, ღამით, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, გიორგი ოქროპირიძე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება გიორგი ოქროპირიძის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი