ახალი ამბები

ბევრი უნდა შევცვალოთ, რომ ასეთი ტრაგედიები ავიცილოთ – პრეზიდენტი ლუკა სირაძეზე

17 დეკემბერი, 2019 • 1459
ბევრი უნდა შევცვალოთ, რომ ასეთი ტრაგედიები ავიცილოთ – პრეზიდენტი ლუკა სირაძეზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

“15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენ საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა. ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.


15 წლის ლუკა სირაძე დღეს, 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი პირი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი