ახალი ამბები

კობახიძის თქმით, ვაშინგტონში IRI-ის კვლევებზე ისაუბრა

17 დეკემბერი, 2019 • 1359
კობახიძის თქმით, ვაშინგტონში IRI-ის კვლევებზე ისაუბრა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, 16 დეკემბერს, შეხვედრა გამართა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI).

ქართველმა დეპუტატებმა შეხვედრაზე დააყენეს IRI-ის კვლევების საკითხი, რომელსაც მმართველი გუნდი უნდობლობას უცხადებს. ასევე, ისაუბრეს, რომ IRI-ის თავმჯდომარის მოადგილე რენდი შენემანი, რომელიც ასევე ფლობს PR-კომპანია Orion Strategies-ს, “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

“ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმ საკითხებზე, რაც ჩვენთვის არის საინტერესო, მათ შორის, სოციოლოგიური კვლევების საკითხზეც გვქონდა საუბარი და გარკვეული კომენტარები გვქონდა ამასთან დაკავშირებით. ასევე, შევეხეთ იმ საკითხსაც, რომელიც დაკავშირებულია IRI-ის ბორდის ვიცეპრეზიდენტის მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის” ლობირებასთან, რაც არის ოფიციალურად გაფორმებული. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა იყოს შედეგზე ორიენტირებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი სპიკერის თქმით, აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, IRI კი წარმოადგენს ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუტს, რომელიც მუშაობს საქართველოში, აქედან გამომდინარე, “ჩვენს ინტერესებშია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა”.

კობახიძის გარდა, საქართველოს დელეგაციაში შედიან პარლამენტის ვიცესპიკერი კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

IRI-ის პრეზიდენტ დენიელ ტვაინინგის განმარტებით, IRI 21 წელია საქართველოში მუშაობს, თუმცა რენდი შენემანს არავითარი როლი არ აქვს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს პროგრამებში. ტვაინინგის კომენტარის თარგმანს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

“შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიის გარკვეულწილად გაუარესებაზე. ვისაუბრეთ საარჩევნო სისტემაზე და შიდა მოლაპარაკებებზე, მათ შორის, ოპოზიციასთან. ჩვენ ვილაპარაკეთ მოსამართლეებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე, მთავრობის ურთიერთობის  საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ვისაუბრეთ, როგორ ატარებს კვლევას IRI.  საქართველოს სურს, დასავლეთის სრულუფლებიანი წევრი იყოს და IRI-ს სურს ამის მხარდაჭერა“, – განაცხადა ტვაინინგმა.

ტელეკომპანია “ფორმულის” ინფორმაციით, ტვაინინგი ასევე გამოეხმაურა IRI-ისა და NDI-ის კრიტიკას “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ივანიშვილმა “იმედის” გადაცემა “სვოტ ანალიზში” სტუმრობისას განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში დევალვაციას განიცდიან.

“ამერიკის ადმინისტრაცია გაკვირვებული იყო. გაკვირვებული იყო კონგრესის ბევრი წევრიც. ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობთ. IRI-ისა და NDI-ის ჩვეულებრივ თავს ესხმიან ჩაკეტილ საზოგადოებაში ავტორიტარული მთავრობები. ეს რაღაც ახალია, როდესაც თავდასხმა დემოკრატიული მთავრობის ძალაუფლების მქონე პირისგან მოდის. თუ რას ნიშნავს ეს, მას უნდა ჰკითხოთ”, – თქვა ტვაინინგმა.

ამ თემაზე:

IRI-ის პრეზიდენტი: “როცა მთავრობა ამერიკულ NGO-ებს ესხმის თავს, ეს, როგორც წესი, რუსეთში ან ჩინეთში ხდება”

მასალების გადაბეჭდვის წესი