ახალი ამბები

IRI-ის პრეზიდენტი: “როცა მთავრობა ამერიკულ NGO-ებს ესხმის თავს, ეს, როგორც წესი, რუსეთში ან ჩინეთში ხდება”

3 დეკემბერი, 2019 • 3634
IRI-ის პრეზიდენტი: “როცა მთავრობა ამერიკულ NGO-ებს ესხმის თავს, ეს, როგორც წესი, რუსეთში ან ჩინეთში ხდება”

IRI – ის პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს აფასებს.

კითხვაზე, “ხედავთ თუ არა გლობალურ ტენდენციებს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ”, ტვაინიგი პასუხობს:

“კი, ვხედავთ. უბრალოდ, ის მიკვირს, რომ ამ კონტექსტში საქართველოზეც ვსაუბრობთ. მსგავსი კამპანიები ძირითადად კრემლიდანაა წამოსული იმის გამო, რომ პუტინი ვერ ახერხებს დემოკრატიულ მმართველობას. კამპანია, რომელსაც ვხედავთ პროდემოკრატიული ორგანიზაციების წინააღმდეგ, მოდის კრემლიდან, ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან… მაგალითად, ჩინეთის ლიდერებმა, რომლებიც არ არიან არჩეული, ვერ გააანალიზეს ის, რომ ორი მილიონი ადამიანი გამოვიდა მათ წინააღმდეგ ჰონგ-კონგში. როცა მთავრობა ამერიკულ არასამთავრობოებს ესხმის თავს, ეს, როგორც წესი, რუსეთში ან ჩინეთში ხდება, სადაც არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატიული პრაქტიკა. გასაკვირია ის, რომ ეს დემოკრატიაში ხდება”, – აცხადებს ტვაინინგი.

ის ასევე აფასებს ივანიშვილის განცხადებას, რომლითაც არ გამორიცხავს, რომ IRI-სა და NDI-ის საკითხზე, შესაძლოა, კონგრესსა და სენატს, ან თეთრ სახლს მიმართოს:

“რამდენადაც მე ვიცი, ბატონი ივანიშვილი ვაშინგტონში არასოდეს ყოფილა. მას ყოველთვის მიესალმებიან ვაშინგტონში და ვფიქრობ, ამერიკელი პოლიტიკოსები ძალიან დაინტერსებული იქნებიან მოისმინონ მისგან, თუ რა ხდება საქართველოში. ჩვენი საქმიანობა ამერიკის საერთაშორისო დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ძალიან გულუხვია და რომელსაც ამერიკის კონგრესი და აღმასრულებელი მთავრობა საქართველოს აძლევს. ვფიქრობ, ამერიკელი კანონმდებლები და პოლიტიკოსები მიესალმებიან მასთან შეხვედრას იმისთვის, რომ მოისმინონ, თუ რა საქმიანობას აწარმოებენ საქართველოში აი-არ-აი და სხვა მსგავსი ორგანიზაციები. ამერიკის საელჩო ძალიან დიდ მხარდაჭერას იჩენს ჩვენ მიმართ. ამასთან, ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხებს ყურადღებას აქცევენ ვაშინგტონში, ძალიან არიან გაკვირვებული ამით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკამ ამხელა მხარდაჭერა გამოიჩინა საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში. მათ ძალიან უკვირთ ის, რომ დღეს ამ თემაზე ვსაუბრობთ. ჩვენ სიამოვნებით ვისაუბრებთ იმ საქმიანობაზე, რომელიც დღემდე გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო ძლიერ და დემოკრატიულ მოკავშირედ ჩამოყალიბებულიყო”.

რაც შეეხება იმას, ელის თუ არა რაიმე სახის სანქციებს საქართველოს ხელისუფლებისაგან, „ისე როგორც ეს სხვა რამდენიმე ქვეყანაში ვნახეთ, სადაც მთავრობა კმაყოფილი არ იყო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით”, დენიელ ტვაინინგი პასუხობს:

“არა. საქართველო დემოკრატიაა. ქართველებს სურთ იყვნენ დასავლეთის ნაწილი, ამერიკის ახლო პარტნიორები. ვერ წარმოვიდგენ სიტუაციას, როცა ეს სცენარი შეიძლება განვითარდეს. როცა ისეთი ჯგუფები, როგორიცაა აი-არ-აი, ენ-დი-აი, ნედი და სხვა, ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მხრიდან განტევების ვაცები ხდებიან ,როგორც ეს, მაგალითად, გასულ კვირას ჩინეთში მოხდა. პეკინი ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებს ჩვენ გვაბრალებს. ჩვენ კი ჰონ-კონგში ოფისიც არ გვაქვს. ეს დეზინფორმაციის კარგი მაგალითია, როცა ავტორიტარული მთავრობები უცხოელებს ადანაშაულებენ საკუთარი მმართველობის პრობლემებში. ვერ წარმოვიდგენ იმას, რომ ეს შეიძლება საქართველოში მოხდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი