ახალი ამბები

“ჯერ თქვენ გაგყრით და მოგაყოლებთ კუხიანიძეს” – დავითულიანი ხოშტარია/დეკანოიძეს

17 დეკემბერი, 2019 • 1064
“ჯერ თქვენ გაგყრით და მოგაყოლებთ კუხიანიძეს” – დავითულიანი ხოშტარია/დეკანოიძეს

თბილისის საკრებულოს შენობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და უმრავლესობის წევრ ბექა დავითულიანს შორის დაპირისპირება მოხდა.

საკრებულოს შენობაში დილიდან დაძაბული სიტუაციაა. ოპოზიციის წარმომადგენლები ერეკლე კუხიანიძის გადადგომას ითხოვენ, რომელმაც ცხინვალში, პატიმრობაში მყოფ პატიმარ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.

ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე საკრებულოში ჟურნალისტებთან პრესკონფერენციას მართავდნენ, რა დროსაც მათ მიუახლოვდნენ “ოცნების” წარმომადგენლები: რიმა ბერაძე და ბექა დავითულიანი.

“რატომ არ მობრძანდით? აქედან გინდათ ხომ  ულტიმატუმებით საუბარი? წამობრძანდით ოთახში. გეძებდით და გაიქეცით. თქვენი ულტიმატუმების დრო არის დასასასრულებული”, – მიმართა მათ დავითულიანმა.

“ამ შენობიდან ჯერ თქვენ გაგყრით და შემდეგ მოგაყოლებთ ერეკლე კუხიანიძეს, თუ გაინტერესებთ”, – უთხრა ხოშტარიასა და დეკანოიძეს დავითულიანმა.

საპასუხოდ დავითულიანს მოძალადე უწოდეს.

“ერეკლე კუხიანიძე მიაყოლეთ ბიძინა ივანიშვილს”.

დავითულიანის თქმით, უმრავლესობა კუხიანიძის განცხადებებს ემიჯნება, მისი თანამდებობის საკითხზე კი  გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულოს უმრავლესობა მას შემდეგ, რაც ოპოზიცია სპექტაკლს დაასრულებს.

საბოლოოდ მხარეები საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.


მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებმა დილით თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი რამდენიმე დღეა კუხიანიძის მიერ მანდატის დატოვებას ითხოვენ, ამის მიზეზი კი კუხიანიძის ფეისბუკ-პოსტია, სადაც ცხინვალში დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს აგინებდა:

“მთავარი არის ის, რომ კუხიანიძემ, რომელიც არის გავრილოვი, პატარა მასშტაბის, მაგრამ მაინც გავრილოვი, უნდა დატოვოს თბილისელების მანდატი. ეს შენობა, ეს ოთახი, ყველაფერი ეკუთვნის ამომრჩევლებს. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას” ,– ამბობს ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე “მთავარ” არხთან.

მოგვიანებით კუხიანიძის კაბინეტში საკრებულოს უსახფრთხოების თანამშრომლები გამოჩნდნენ და აქტივისტების კაბინეტიდან გაყვანა სცადეს, თუმცა აქტივისტებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

ამის შემდეგ ადგილზე გამოჩნდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც აქტივისტებს კაბინეტი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

საკრებულოში მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მათი აქტივისტები.


თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი, მას შემდეგ, რაც მათ კრიტიკული შეფასებები გააკეთეს მმართველი გუნდის მისამართით პატიმრის გათავისუფლების მუშაობის კუთხით. გუშინ ტელეკომპანია პირველის ეთერში საკრებულოს წევრმა გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

ამავე თემაზე

საკრებულოში 4 ადამიანი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი