ნეტგაზეთი | ციხის ადმინისტრაციას ბუდაღაშვილის სხვა საკანში გადაყვანა ვთხოვეთ – კილაძე ციხის ადმინისტრაციას ბუდაღაშვილის სხვა საკანში გადაყვანა ვთხოვეთ – კილაძე – Netgazeti

ციხის ადმინისტრაციას ბუდაღაშვილის სხვა საკანში გადაყვანა ვთხოვეთ – კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯმდომარემ სოფო კილაძემ, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი და ზურაბ ბუდაღაშვილი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.

კილაძის ინფორმაციით, დაკავებულები ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უჩივიან.

“მათი მდგომარეობა არის ნორმალური. არაფერს უჩივიან ჯანმრთელობის კუთხით. ერთს უნდოდა სხვა საკანში გადასვლა და ჩვენ ვთხოვეთ ადმინისტრაციას მისი სხვა საკანში გადაყვანა. ის არის მარტო საკანში და, როგორც ამბობს, ხმაური აწუხებდა. ხვალ არის სასამართლო და ვიმუშავებთ, რომ მათი უფლებები იყოს დაცული”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა მანამდე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თქვა, რომ ოპოზიციის ლიდერების, გიგი უგულავასა, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, სხვა საკანში გადაიყვანეს, სადაც მარტო, არასათანადო პირობებში იმყოფება.

“ბუდაღაშვილთან დაკავშირებით რეაგირება არ მომხდარა, გამოძიება არ დაწყებულა. პირიქით, მეტიც, იმავე დღეს გადაიყვანეს სხვა საკანში გაურკვეველი მიზეზით და მოტივით, სადაც მარტო იმყოფება. გარდა ამისა, ამ საკანს ემიჯნება გენერატორი, რომელიც 24 საათი არის ჩართული და არასათანადო პირობებია. შეიძლება, წამების გარკვეული მეთოდი იყოს”, – განაცხადა იაშვილმა.

საპასუხოდ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ თამლიანისგან იზოლირება პატიმრებმა თავად მოითხოვეს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა კონკრეტული ბრალდება გაახმიანა.

ზურაბ ბუდაღაშვილი და ბესიკ თამლიანი პოლიციამ 4 ივლისს დააკავა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.