„არაფერი ღირშესანიშნავი“ – ბოკერიას თქმით, გამოკითხვა პოლიტიკურად მოტივირებულია

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხეს. პროკურატურის თქმით, დაკითხვა უშიშროების საბჭოს აპარატის თანმადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა.

თუმცა დაკითხვის შემდეგ ბოკერია ამბობს, რომ საქმე უბრალოდ პოლიტიკურადაა მოტივირებული, გამომძიებლებმა კი მას ვერაფერი ახალი ვერ უთხრეს.

„მე ახალი არაფერი გავიგე ამ გამოკითხვის პროცესიდან… ფორმალური ვალდებულება მაქვს, საქმეს გრიფი ადევს და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრა შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი იქ ისეთი არ თქმულა, რის გამოც ამ საქმეს გრიფი საიდუმლო შეიძლება ედოს.

თუ რაიმე არის ისეთი სენსიტიური იმ საქმიანობიდან, რასაც უშიშროების საბჭო ეწეოდა ჩემი მდივნობის დროს, ახლა იმ სენსიტიურ რაღაცებზე ივანიშვილის რეჟიმს ჩემგან ინფორმაცია ვერ ექნება იმაზე მეტი, ვიდრე დოკუმენტებშია. ამიტომ აქ არაფერი იყო გასასაიდუმლოებელი“, – ამბობს ბოკერია ჟურნალისტებთან.

ამ საქმეზე ბოკერიას 2014 წელსაც კითხავდნენ. დღეს კი ამობს, რომ გამოკითხვაზე არსებითი განსხვავება 5 წლის შემდეგ არ უგრძვნია.

„ყველა კითხვა არ მახსოვს, მაგრამ არსებითად განსხვავება არის ნულოვანი. მე ვერ ავხსნი საჭიროებას, ეს საჭიროება უნდა ახსნან მათ .

რეალურად, მთავარი „გარემოება“, რაც შეიცვალა, არის ის, რომ მაშინ სხვა პოლიტიკურ ოპონენტებზე ჩათვალეს, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო ფოკუსირება, ახლა არის ძალიან დიდი კრიზისი ივანიშვილის და რეჟიმის და უფრო ფართოდ გაშალეს ფრთები, მე არც პირველი ვარ, არც მეორე და არც მესამე ამ დევნაში“, – განმარტავს ბოკერია.

ბოკერიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს იმედი აქვს, რომ მისი ოპონენტების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებით ხალხში ბრაზს გააქრობს.

„არაფერს ველოდები, ჩემი, როგორც აქტიური პოლიტიკოსის ამოცანაა, რომ ამ კრიზისიდან ჩვენ გამოვიდეთ ნაკლები ზიანით. ივანიშვილის პოლიტიკური ბედი განსაზღვრულია, უბრალოდ, შეილება  დამძიმდეს“, – ამატებს ბოკერია.

ძველი საქმეა, რომელიც ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში გაახსენდათ – ბოკერია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან