ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს პლენუმზე დაკვირვების შესაძლებლობა არც საია-ს მიეცა

16 დეკემბერი, 2019 • 1066
უზენაესი სასამართლოს პლენუმზე დაკვირვების შესაძლებლობა არც საია-ს მიეცა

უზენაესი სასამართლოს პლენუმზე დაკვირვების შესაძლებლობა, სახალხო დამცველის წარმომადგენლის გარდა, არც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია) მიეცა.

საიას განცხადებით, პლენუმმა დღეს ორგანიზაციულ საკითხებზე განახლებული შემადგენლობით იმსჯელა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საია აკვირდება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს, რის გამოც დღეს პლენუმის სხდომას უნდა დასწრებოდა ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო სასამართლოსთვის და საია-ს თანამშრომელზე საშვი იყო დაშვებული, თუმცა სხდომა დაიხურა, რის გამოც მონიტორინგის საშუალება არ მიეცათ.

საია-ს თქმით, კანონის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომები, როგორც წესი, საჯაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ღია უნდა იყოს, თუ არ არსებობს რაიმე პატივსადები საფუძველი, უფრო მაღალი ღირებულების მქონე საჯარო ინტერესი.

სახალხო დამცველის ინფორმაციით კი, გადაწყვეტილების მოტივი მოსამართლეთათვის მსჯელობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა იყო. საია-ში აღნიშნავენ, რომ მაშინ, როცა სასამართლოს მიმართ ნდობა კრიტიკულად დაბალია და არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი საკასაციო ინსტანციის მიმართ, სასამართლოს ჩაკეტვა უარყოფითად აისახება მის მიმართ საზოგადოების განწყობაზე:

“კანონი პლენუმს ასევე აკისრებს ვალდებულებას, „თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცება.“

“იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიმართ ნდობა კრიტიკულად დაბალია, როდესაც არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და კითხვები საკასაციო ინსტანციის გარშემო მიმდინარე პროცესების მიმართ, სასამართლოს ჩაკეტვა უარყოფითად აისახება მის მიმართ საზოგადოების განწყობაზე. საია მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს, მომავალში კანონის ამგვარი ინტერპრეტაციით ხელი არ შეუშალოს დამკვირვებლებს სასამართლოს მონიტორინგის პროცესში”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

უზენაესი სასამართლოს განახლებულმა შემადგენლობამ პლენუმის ღია სხდომა დახურა

მასალების გადაბეჭდვის წესი