ახალი ამბები

სოფო კილაძე 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს ციხეში მოინახულებს

16 დეკემბერი, 2019 • 1279
სოფო კილაძე 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს ციხეში მოინახულებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯმდომარე სოფო კილაძე, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის და ზურა ბუდაღაშვილის დედებთან ერთად, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდებულებს მოინახულებს.

კილაძე თამლიანის და ბუდაღაშვილის მშობლებს პარლამენტში შეხვდა მას შემდეგ, რაც მათ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ ეძლეოდათ. პარლამენტში საშვების დაშვებაზე 20 ივნისის შემდეგ მოქმედი შეზღუდვის პირობებში, ოპოზიციონერ დეპუტატებს თამლიანის და ბუდაღაშვილის დედებისთვის საშვის დაშვების უფლება არ მიეცათ. საბოლოოდ საშვები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დაუშვა და მათ შეხვედრა შესთავაზა.

როგორც შეხვედრის შემდეგ დაკავებულ ზურა ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის დედებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე თანადგომას დაჰპირდა.

შეხვედრას ესწრებოდდნენ ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა და “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე.

ზურაბ ბუდაღაშვილი და ბესიკ თამლიანი პოლიციამ 4 ივლისს დააკავა. 

ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერების, გიგი უგულავასა, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის, წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, რის შემდეგაც სამარტოო საკანში გადაიყვანეს.

რაც შეეხება ბესიკ თამლიანს, მან პროტესტის ნიშნად საპატიმროში შიმშილობა დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი