ახალი ამბები

20 ივნისს დაკავებულის თქმით, მელიას, ოქრუაშვილისა და უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ

27 ნოემბერი, 2019 • 1705
20 ივნისს დაკავებულის თქმით, მელიას, ოქრუაშვილისა და უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ

20 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებულ ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მასთან შედიოდნენ პირები და სთხოვდნენ, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.

განცხადება ამის შესახებ ბუდაღაშვილმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა. ბუდაღშვილის თქმით, პირველად მასთან გლდანის ციხეში 6 ივლისს შევიდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 2 პირი.

“არც დამალეს, პირდაპირ მითხრეს, მე თუ არ ვიტყოდი ოქრუაშვილზე, მელიაზე და უგულავაზე თუ არ დაადებ ხელს, შენ უკან ხალხი დგას, ძმებიც გყავს და იმათზე იფიქრე. გავიცინე და, როგორც ჩანს, გაღიზიანდნენ: “შენი საქმის შენ იციო” და გავიდნენ”,  – განაცხადა ბუდაღაშვილმა.

მისი თქმით, როგორც აღმოჩნდება ხოლმე, იმ დერეფანში არცერთი კამერა არ არის და მომხდარის შესახებ არავის გააგებინა, არც საკუთარ ადვოკატს, რადგან ამ საქმე პოლიტიკურ ელფერს შეიძენდა.

ბრალდებულის თქმით, 18 ივლისს იგივე განმეორდა.

“თქვეს, რომ “პროკურატურასთან ჩვენ გვაქვს “ხოდი” და ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ თქვი, სამივეზე თუ არა, ოქრუაშვილზე ან უგულავაზე მაინცო”, – აღნიშნა ბუდაღაშვილმა.

ბრალდებულმა დღეს არ დაასახელა ის ადამიანები, ვინც მასთან კამერაში შედიოდნენ და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, თუმცა თქვა, რომ რამდენიმე ადამიანის ვინაობა იცის და თუ დაინტერესდება, პროკურორს სახელებს და გვარებსაც ეტყვის.

ზურაბ ბუდაღაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 1 კვირაში მისი ძმა აბსურდული ბრალდებით დააკავეს. ასევე ემუქრებოდნენ კიდევ ერთ ძმასთან დაკავშირებით, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს.

“თავიდან მითხრეს, პროკურატურიდან ვართო, მაგრამ ზუსტად ვიცი, პროკურატურიდან არ იყვნენ. ამას სხვა ორგანო, მაგალითად, სუს-ი აკეთებს“, – აღნიშნა ბუდაღაშვილმა.

ზურაბ ბუდაღაშვილი დედა მაგული გობეჯიშვილი ამბობს, რომ მას უთვალთვალებენ.

პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, დანაშაულის ნიშნების დადგენის შემთხვევაში, ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებაზე გამოძიება დაიწყება.

“დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, პოლიციის თანამშრომლები, მათ ისაუბრეს ბრალდებულების დაკავებაზე და სხვა გარემოებებზე, ასევე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მხოლოდ დღეს განაცხადა, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა გარკვეული სახის ზეწოლა, თუმცა ამის თაობაზე მას არ განუცხადებია რამდენიმე თვეა. ბრალდებულმა მიუთითა სასამართლო სხდომაზე, რომ მასთან შესული იყო მისთვის უცნობი ორი ადამიანი სამოქალაქო ფორმით, არ მომხდარა ამ ადამიანების იდენტიფიცირება, არ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, დაიწყება გამოძიება”, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის საქმის არცერთ ბრალდებულს,ვინც რამდენიმე თვეა პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ზეწოლის შესახებ არ უსაუბრია.

პენიტენციურ დაწესებულებაში უარყოფენ, რომ ბუდაღაშვილის მიერ დასახელებულ თარიღებში ბრალდებულთან ვინმე იყო შესული და აცხადებენ, რომ ასეთი ფაქტის შესახებ ბუდაღაშვილს მაშინვე უნდა განეცხადებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი