ახალი ამბები

ერეკლე კუხიანიძე ამჯერად ცხინვალის KGB-ს ვერსიას ავრცელებს გაფრინდაშვილის წინააღმდეგ

16 დეკემბერი, 2019 • 4267
ერეკლე კუხიანიძე ამჯერად ცხინვალის KGB-ს ვერსიას ავრცელებს გაფრინდაშვილის წინააღმდეგ

თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ამჯერად ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის (KGB-ს) ვერსიას ავრცელებს.

საუბარია ცხინვალის KGB-ს მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასა და აუდიოჩანაწერებზე.  ცხინვალი ამტკიცებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა და “კანონდარღვევა” წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ცხინვალის KGB-ს განცხადებით, “საზღვრის დარღვევამდე” ექიმი ესტონეთში იმყოფებოდა ვიზიტით, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხა ჩაერიცხა. ჯერჯერობით არც ამ ჩანაწერების აუთენტურობაა დადასტურებული და არც ინფორმაციის კონტექსტი. ოჯახის და ექიმის კოლეგების ინფორმაციით, გაფრინდაშვილი იმ დღეს პაციენტის მონახულებას აპირებდა.

მიუხედავად ამისა, ცხნივალის KGB-ს ვერსიას ბოლო დღეებში ფეისბუკზე არაერთი ადამიანი ავრცელებს ექიმის დისკრედიტიაციის მიზნით. შესაბამისი ფეისბუკ-პოსტი დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემაც გააზიარა და დაწერა:

“ეს ყველაფერი ნამდვილად არ ვიცოდი და ძალიან უცნაური კალეიდოსკოპი იხატება ნელ- ნელა…”, – წერს ის ფეისბუკზე.

 

როგორც ცნობილია, მანამდე ერეკლე კუხიანიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი, მას შემდეგ, რაც მათ კრიტიკული შეფასებები გააკეთეს მმართველი გუნდის მუშაობასთან დაკავშირებით პატიმრის გათავისუფლების მუშაობის კუთხით.

რაც შეეხება ცხნივალის KGB-ს ვერსიას, რომელიც დეპუტატმა გააზიარა, ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს შემდეგი კომენტარი აქვს გაკეთებული:

“საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდების შემადგენელ ნაწილს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი