ახალი ამბები

როგორ გათავისუფლდება პროკურატურა სამთავრობო კონტროლისგან – შენიშვნები კანონპროექტზე

5 ივნისი, 2015 • • 1252
როგორ გათავისუფლდება პროკურატურა სამთავრობო კონტროლისგან – შენიშვნები კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს “პროკურატურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით”. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, პროკურატურის საქმიანობაში ჩაერთვება სამი ახალი ინსტიტუტი: პროკურორთა კონფერენცია, საპროკურორო საბჭო და საგანგებო პროკურორი, რაც გაზრდის პროკურატურის დამოუკიდებლობას.

 

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება მთავარი პროკურორის არჩევის ახალი წესი. მთავარ პროკურორს აირჩევს პარლამენტი მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრი და საპროკურორო საბჭო შეარჩევს და მთავრობა მოიწონებს კანდიდატს.

 

საპროკურორო საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, შეარჩევს კანდიდატს და წარუდგენს მთავრობას მხადაჭერისთვის და პარლამენტისთვის წარსადგენად. თუ მთავრობა არ მოიწონებს კანდიდატს, მაშინ იუსტიციის მინისტრი შეარჩევს ახალ კანდიდატურას და სრული პროცედურა მეორდება.

 

შედგება პროურატურის 4 წარმომადგენლისგან, 2 პარლამენტარისგან და სამოქალაქო საზოგადოების 2 წარმომადგენლისგან. პარლამენტარებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც ირჩევს პარლამენტის წევრების სიით შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

 

სამოქალაქო საზოგადოების 2 წარმომადგენელი შეიძლება იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას არ ეწევა. საპროკურორო საბჭოს შერჩეულ კანდიდატს აუცილებლად სჭირდება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა.

 

საქართველოს მთავრობა მთავარი პროკურორის კანდიდატურას საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მხარი უნდა დაუჭიროს.

 

სწორედ ამ საკანონმდებლო რეგულაციასთან კავშირში ამბობს პარლამენტარი ეკა ბესელია, რომ მთავარ პროკურორს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, რადგან ხალხის არჩეული პარლამენტარები დაუჭერენ მას მხარს.

 

მთავარი პროკურორი დაინიშნება 6 წლის ვადით და ერთი და იგივე პიროვნება მხოლოდ ერთხელ შეიძლება მსახურობდეს ამ თანამდებობაზე. მთარობისთვის მის წარსადგენად საპროკურორო საბჭოს წევრთა ⅔-ის მხარდაჭერა საკმარისია.

 

ახალი კანონპროექტით გათვალისწინებულია იმპიჩმენტის ახალი წესი, რაც გულისხმობს იმას, რომ საპროკურორო საბჭოს შეუძლია იმსჯელოს მთავარი პროკურორის იმპიჩმენტზე, იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს ამის საჭიროებას.

 

საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება იმპიჩმენტის შესახებ ასევე უნდა მოიწონოს მთავრობამ და მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს პარლამენტმა.

 

იმ შემთხვევაში, თუ მთავარი პროკურორის წინააღმდეგ დევნა დაიწყება, მაშინ საპროკურორო საბჭო ნიშნავს საგანგებო პროკურორს. მისი ფუნქცია შესაბამისი დასკვნის მომზადება და საპროკურორო საბჭოსთვის 2 თვის ვადაში მისი წარდგენა იქნება.

 

საგანგებო პროკურორის დანიშვნას წყვეტს საპროკურორო საბჭო, რომლის წევრების ⅔-ის მხარდაჭერას შეუძლია დანიშნოს საგანგებო პროკურორი, ან პარლამენტის სიითი შემადგნელობის ⅓-ის მიმართვის საფუძველზე.

 

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საგანგებო პროკურორი არ უნდა იყოს ისეთი პირი, რომელიც ემორჩილება მთავარ პროკურორს, რადგან მან უნდა გამოიძიოს მთავარი პროკურორის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული.

 

საგანგებო პროკურორი ანგარიშვალდებული მხოლოდ საპროკურორო საბჭოს წინაშე იქნება. იგი არ შეიძლება იყოს ნასამართლეობის მქონე პირი,  აუცილებლად  უნდა სარგებლობდეს მაღალი ავტორიტეტით და უნდა გააჩნდეს გამომძიებლად, მოსამართლედ ან პროკურორად მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება.

 

მესამე ახალი ინსტიტუტი პროკურორთა კონფერენცია საქართველოს პროკუროთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრებაა, რომელიც საპროკურორო საბჭოს წევრი პროკურორების კანდიდატურებს შეარჩევს.

 

შენიშვნები

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი სოფო ვერძეული დადებითად აფასებს სამი ახალი ინსტიტუტის შემოღებასა და მთავარი პროკურორის არჩევაში პარლამენტის ჩართულობას, თუმცა შენიშვნები აქვს თავად საპროკურორო საბჭოს მუშაობის თაობაზე.

 

ვერძეულის თქმით, მართალია, საპროკურორო საბჭო არჩევს მთავარი პროკურორობის კანდიდატს, საბჭოს არჩევანი მაინც შეზღუდულია იმ ალტერნატივით, რასაც იუსტიციის მინისტრი წარუდგენს საბჭოს წევრებს.

 

ვერძეულს მიაჩნია, რომ იუსტიციის მინისტრს, როგორც თანამდებობის პირს, არ უნდა ჰქონდეს მთავარი პროკურორის კანდიდატი წარადგინოს ერთპიროვნულად.

 

„კანდიდატურების არჩევა იმ პოლიტიკურ ძალაზეა დამოკიდებული, რომელმაც არჩვენებში გაიმარჯვა“, – ამბობს ვერძეული.

 

ვერძეულს ასევე პრობლემურად მიაჩნია მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. იურისტს არასაკმარისად განმარტებულად თვლის, რა შეიძლება მიიჩნიონ კანონპროექტში მითითებულ „საკმარის საფუძვლად“ მთავარი პროკურორის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისთვის.

 

საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი ეკა ფოფხაძე მიესალმება იმას, რომ სამი ახალი ინსტიტუტი შეიქმნა, თუმცა არის რიგი საკითხებისა, რომლებიც არ მოსწონს სახალხო დამცველის აპარატს.

 

მთავარ პრობლემად ეკა ფოფხაძე აყენებს იმას, რომ არც პროკურატურისა და არც შსს-ს რეფორმირების პროცესში არაა გათვალისწინებული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან დანაშაულის ფაქტებს გამოიძიებს.  

 

“სახალხო დამცველი არ მიიჩნევს ამ რეფორმას სრულყოფილად და ადეკვატური სახით წარმოდგენილად“, – ამბობს ეკა ფოფხაძე.

 

ფოფხაძის განმარტებით, საპროკურორო საბჭო არ უნდა კომპლექტდებოდეს პარლამენტის წევრებისგან, რადგან პარლამენტი ისედაც არის ჩართული მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში.

 

იურისტის აზრით, უმჯობესია თუ 2 პარლამენტარს საპროკურორო საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნელები აირჩევენ.

 

სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ განმარტებული არაა, იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის კანდიდატურის არჩევისას რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს.

 

ეკა ფოფხაძის შეთავაზებით, უმჯობესი იქნებოდა იუსტიციის მინისტრის ნაცვლად საჭოს შეერჩია კანდიდატურა და შემდეგ წარედგინა იუსტიციის მინისტრს საქართველოს მთავრობისთვის.

 

„ეს გადაწყვეტილება იქნებოდა ნაკლებ პოლიტიზებული და უფრო პროფესიული“, – ამბობს ეკა ფოფხაძე.  

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ბარამიძეს, რომელმაც წარადგინა პარლამეტში კანონპროექტი, თავისი არგუმენტები აქვს. მისი აზრით, სამოქალაქო საზოგადოება საკმარისადაა წარმოჩენილი საპროკურორო საბჭოში.

 

მინისტრის მადგილის განმარტებით, საპროკურორო საჭოში მყოფი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იქნებიან კარგი იურისტები და ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა დარწმუნებისა და დასაბუთების გზით იქონიონ.

 

„ეს რა, ცოტაა? აუცილებელია, რომ მაინცდამაინც უმრავლესობაში იყვნენ?“ – ამბობს ბარამიძე.

 

ალექსანდრე ბარამიძის თქმით, არსად არ ირჩევს უმცირესობა მთავარ პროკურორს და სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოლიტიკური ელემენტი ვერ გამოირიცხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი