ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 15 დეკემბრამდე გადაიდო. გვარამიას განმარტებით, პროკურატურა ცდილობს, მას პოლიტიკური ბრალი დასდოს:
“ასეთი მოტივირებული პროკურორები, რომ ადამიანს პოლიტიკური ბრალი დასდონ, უბრალოდ, სამარცხვინო საყურებელი და გულისამრევია. მცხვენია, რომ ოდესღაც ამ სისტემის ნაწილი ვიყავი, ვისაც ახლა ესენი (პოროკურორები) აქ წარმოადგენენ. საქართველოს პროკურატურა არის შავი ლაქა ქართული სახელმწიფოს ხელში”, – განაცხადა გვარამიამ.
პროკურატურამ ნიკა გვარამიას დღევანდელ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა სახალხო დამცველის მოსაზრების, როგორც მტკიცებულების, საქმიდან ამორიცხვის შესახებ. პროკურორის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე მოსაზრება არ შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც მტკიცებულება.
სახალხო დამცველმა სასამართლოში გვარამიას საქმეზე გაგზავნილ მოსაზრებაში მიუთითა, რომ პროკურატურის მიერ დანაშაულად მიჩნეული ქმედება არ შეიძლება დანაშაული იყოს.
“კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების/სტანდარტების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება”, – აღნიშნა ობუდსმენმა თავის წერილში.
ნიკა გვარამიას ბრალი პირველ ნოემბერს წარუდგინეს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე.