ახალი ამბებისამართალი

ნიკა გვარამიას საქმეზე სახალხო დამცველმა სასამართლოს მიმართა

4 ნოემბერი, 2019 • 7805
ნიკა გვარამიას საქმეზე სახალხო დამცველმა სასამართლოს მიმართა

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.

სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც ის ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, შეიძლება კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და შეიცავდეს მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას.

“სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების/სტანდარტების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველმა მიმართვაში განმარტა, რომ კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორის გადაწყვეტილებები სამეწარმეო რისკების გაწევას მოითხოვს და მას არ უნდა ეშინოდეს, რომ მის მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა სასამართლომ დანაშაულებრივად მიიჩნიოს, ამის მიზეზად კი მხოლოდ გაწეული რისკების საბოლოო უარყოფითი შედეგები განიხილებოდეს:

“მით უმეტეს, თუ ამ ქმედებიდან არ იკვეთება დომინანტური მდგომარეობის არსებობა ან მისი ბოროტად გამოყენება და შესაძლებელია დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გონივრულად განმარტება”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

როგორც ომბუდსმენი სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნავს, სასამართლომ უნდა იმსჯელოს დასახელებულ გარემოებებზე და წარმოადგინოს დასაბუთებული პოზიცია განსახლიველ საკითხებზე, რადგან გვარამიას მიმართ წაყენებულმა ბრალდებამ შესაძლოა დაარღვიოს უშუალოდ ინდივიდის უფლებები და სამომავლოდ ზეგავლენა იქონიოს სასამართლო პრაქტიკის განვითარებაზე.

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატორის მიერ გვარამიას წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრიცი პასუხისმგებლობისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს:

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სიღრმისეულად უნდა იმსჯელოს და შეაფასოს, რამდენად წარმოადგენს სადავო ქმედება სისხლისსამართლებრივ დანაშაულს, თუ ის განხილული უნდა იყოს საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში.

სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, საქმის შესწავლა 2019 წლი 29 აგვისტოს საკუთარი ინიციატივით დაიწყეს.

პროკურატურა ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში “რუსთავი 2”-ის ქონების გაფლანგვას ედავება.

ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წაუყენეს

მასალების გადაბეჭდვის წესი