ახალი ამბები

„ოცნებას“ საჯარო მოხელეები ჩამოჰყავს პარტიულ ღონისძიებაზე – NGO-ები

13 დეკემბერი, 2019 • 1454
„ოცნებას“ საჯარო მოხელეები ჩამოჰყავს პარტიულ ღონისძიებაზე – NGO-ები

4 არასამთავრობო ორგანიზაცია იუწყება, რომ მათი ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ რეგიონების საჯარო სკოლებში, ბაღებსა და საჯარო სამსახურებში დასაქმებულების მობილიზაციას ახდენს, რათა 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ პარტიულ ღონისძიებაზე დიდი რაოდენობით ადამიანი ჩავიდეს.

მათი ცნობით, ზოგიერთ რეგიონში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ.

14 დეკემბერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში პარტიულ ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავს, რომელიც, პარტიის განცხადებით, საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება.

რა ხდება?

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები.

ეს ორგანიზაციები არიან: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).

ისინი იუწყებიან, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართული მერების წარმომადგენლები სოფლებში და საკრებულოს დეპუტატები.

NGO-ების ცნობითვე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს, ა(ა)იპ და სსიპ-ების თანამშრომლებს მოუწოდებენ, გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე.

ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს“.

ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20- კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით“, – წერია განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაციების ცნობით, საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებული არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ.

სად ხდება?

„კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში“, — წერენ ორგანიზაციები.

ოთხივე ორგანიზაცია მოუწოდებს მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს, „აღკვეთონ საჯარო მოხელეებისა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა“.

„ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან“, – წერია განსხვავებაში.

გარეკანის ფოტოზე: ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სიები ბორჯომის საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი კოორდინატორის ხელში 2017 წლის არჩევნებისას. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი