ახალი ამბები

რუსეთში სერიალიდან პუტინზე ხუმრობა ამოიღეს, შემდეგ ეთერიდან მოხსნეს

13 დეკემბერი, 2019 • 1347
რუსეთში სერიალიდან პუტინზე ხუმრობა ამოიღეს, შემდეგ ეთერიდან მოხსნეს

რუსულ ტელეარხ THT-ზე 10 დეკემბერს განაცხადეს, რომ ეთერში გაუშვებდნენ სერიალ „ხალხის მსახურს“, რომელშიც მთავარი როლი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდირიმ ზელენსკიმ ითამაშა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს.

11 დეკემბერს ეთერში გავიდა სერიალის პირველი სერია, რომელშიც ამოღებული იყო ხუმრობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე: საათის შერჩევისას მთავარ გმირ ვასილი გოლობოროდკოს (ვოლოდიმირ ზელენსკი) ეუბნებიან, რომ პუტინს უყვარს მარკა HUBLOT, რაზეც ის პასუხობს: „პუტინ – ხუბლო?“ (ახლოსაა ჟღერადობით უკრაინაში ცნობილ ლოზუნგთან „პუტინ ხუილო“). 

ორი სერიის ჩვენების შემდეგ არხმა გამოაცხადა, რომ ტელეეთერში მის ჩვენებას წყვეტდა და მსურველებს მისი ნახვა შეეძლებოდათ THT-ს ფასიან ონლაინ-პლატფორმა „პრემიერზე“. „გაზპრომ მედიას“ ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ყველაფერი ასე იყო დაგეგმილი და სერიალი სპეციალურად ამ პლატფორმისთვის შეიძინეს.

თუმცა „Meduza“-სთან საუბრისას „გაზპრომ მედია“ ჰოლდინგის მფლობელობაში მყოფი სხვა ტელევიზიის ტოპ-მენეჯერმა განაცხადა, რომ მსგავსი მარკეტინგის სხვა შემთხვევა არ ახსოვს: „უცნაური სვლაა – ფასიან სერვისზე აჩვენო სერიალი, რომლის ნახვაც უფასოდ [YouTube-ზე] არის შესაძლებელი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი