ახალი ამბები

რუსეთის ერთადერთ ავიამზიდზე ხანძარი გაჩნდა

12 დეკემბერი, 2019 • 1392
რუსეთის ერთადერთ ავიამზიდზე ხანძარი გაჩნდა

რემონტზე მყოფ „ადმირალი კუზნეცოვზე“, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ერთადერთ ავიამზიდზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza და სხვა არაერთი მედიასაშუალება ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ცეცხლი 12 დეკემბერს გაჩნდა, ხოლო მიზეზი ელექტროსადენებზე ცეცხლის მოკიდებაა. ხანძრის დაწყებისას ავიამზიდზე 400 ადამიანი იმყოფებოდა.

 რაც შეეხება დაშავებულებს, მათ რაოდენობაზე ინფორმაცია განსხვავებულია – ქარხანაში, რომელშიც ავიამზიდს არემონტებდნენ, ამბობენ, რომ სამხედრო პირები და ქარხნის თანამშრომლები არ დაშავებულან, თუმცა რუსეთის ჩრდილოურ ფლოტში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილია ერთი სამხედრო და ამასთან ერთად ეძებენ ერთ ოფიცერს. სხვადასხვა წყარო უგზაუკვლოდ დაკარგულების განსხვავებულ რაოდენობას ასახელებენ – 3, 2 ან 1. კატასტროფული მედიცინის ადგილობრივ ცენტრში 12 დაშავებულის მიღებას ადასტურებენ.

ხანძარი, ოფიციალური წყაროების თანახმად, ლოკალიზებულია.

აქამდე „ადმირალი კუზნეცოვი“ უკვე იყო საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში: 2018 წელს მას სამშენებლო ამწე დაეცა, ხოლო 2017 წელს, ხმელთაშუა ზღვაში ყოფნისას, სოცქსელებში ყურადღება გაამახვილეს შავ ბოლზე, რომელიც გემს ასდიოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი