ახალი ამბები

ლელა ქებურია არ პასუხობს კითხვას, დაასხა თუ არა სუნიანი სითხე პარლამენტში

12 დეკემბერი, 2019 • 2951
ლელა ქებურია არ პასუხობს კითხვას, დაასხა თუ არა სუნიანი სითხე პარლამენტში

ტელეკომპანია “პირველის” წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ “ევროპული საქართველოს” დეპუტატ ლელა ქებურიას ჰკითხა, მან დაასხა თუ არა სასესიო დარბაზში სუნიანი სითხე, რომელსაც სხდომის შეწყვეტა და რამდენიმე ადამიანის შეუძლოდ გახდომა მოჰყვა.

“არ ვარ ვალდებული ამ შეკითხვაზე პასუხი გავცე იმიტომ, რომ ამ ბრალდებაზე თავის მართლება არ არის ჩემი ვალდებულება. ვინც ამ ბრალდებას აჟღერებს, ის არის ვალდებული, დაამტკიცოს ეს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. წარმოდგენილი მტკიცებულებები არის კადრები, სადაც მე გადავაადგილდები პარლამენტში და არც ერთხელ არ მიარყვია, რომ ვიყავი პარლამენტში. დეპუტატების გადაადგილება პარლამენტში დასჯადი არ არის. რაც შეეხება მათი მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას, ამაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ეს ბრალდება წარმოადგინა და მე არ ვარ ვალდებული, თავი ვიმართლო”, – თქვა ლელა ქებურიამ “პირველის” ეთერში.

დეპუტატი საუბრობს ტელეკომპანია “იმედის” გავრცელებულ კადრებზე, რომლებზეც აღბეჭდილია ლელა ქებურიასა და ირმა ნადირაშვილის გადაადგილება პარლამენტის სასესიო დარბაზში.

როგორც ქებურია ამბობს, “შესაბამისი მტკიცებულებების” წარმოდგენის შემთხვევაში მზად არის, უპასუხოს გამოძიების კითხვებს. დეპუტატი ასევე განმარტავს, რომ არ ემიჯნება პარლამენტში მომხდარ ფაქტს.

“არ ვემიჯნები იმ ფაქტს, რომელიც დღეს მოხდა ,იმიტომ, რომ ეს პერფორმანსი და ალეგორიული მინიშნება, რომ სისტემა ყარს, არ ვემიჯნები და ვეთანხმები. ყარს არა იმ სუნის გამო, რომელიც პარლამენტში დადგა, არამედ იმ პროცესების გამო, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს”, – თქვა ქებურიამ.

მძაფრსუნიანი ხსნარის დაღვრის შემდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი