სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მისი აპარატის მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ აჩვენა, რომ ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები საქართველოში არასათანადოდ ხორციელდება.
სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არასაკმარისი რეაგირება, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მატება, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობისა და არასრულწლოვანთა თვითმკვლელობების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას რეგიონებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებების დაცვის, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ბავშვთა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა საჭიროებების უზრუნველყოფის, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო სერვისების სისტემური და მასშტაბური პოლიტიკა.
სახალხო დამცველის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის „კომუნიკაციის პროცედურების შესახებ“ ხელმოწერისა და რატიფიკაციის პროცესი დღემდე არ დასრულებულა, აცხადებს სახალხო დამცველი.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, განუხრელად შეასრულონ საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტებით ნაკისრი ვალდებულებები და თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას უპირატესი ყურადღება მიმართონ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფისკენ.
ომბუდსმენის განმარტებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1925 წელს, „ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ“ ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ჩაეყარა, ხოლო 1950 წლიდან ეს დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.