“ეს არ არის დანაშაულის პრევენცია, ეს არის ბავშვების დასჯაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება” – ასე აფასებს “კანონთან კონფლიქტში მყოფი” მოზარდების შესახებ კანონპროექტს ფსიქოლოგი ნინო ტყეშელაშვილი.
ის წლების განმავლობაში მუშაობდა მე-11 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ცნობილია როგორც “არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო” დაწესებულება. ამის მსგავსი სახელწოდება ექნება სტრუქტურას, რომელიც “ქართული ოცნების” დაანონსებული კანონპროექტით უნდა შეიქმნას – არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი. დოკუმენტის მიხედვით, ამ “სახლში” გადამისამართდებიან “კანონთან კონფლიქტში მყოფი” 10-14 წლის მოზარდები.
ნინო ტყეშელაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა თუ ბავშვთა განრიდება-მედიაციის მიმართულებით, ამბობს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ბავშვების მოთავსება რაიმე ტიპის დახურულ დაწესებულებაში. მისი შეფასებით, ეს არათუ დადებით შედეგს მოიტანს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო მეტ რისკს ქმნის ამ ბავშვების მომავლისთვის.
ნეტგაზეთი ტყეშელაშვილს ესაუბრა ინიციატივის შესახებ, რომელსაც ავტორები არასრულწლოვანთა “დახმარების, დაცვისა და სოციალური უნარების გამომუშავებისკენ” გადადგმულ ნაბიჯად წარადგენენ, უფლებადამცველები კი მას ბავშვთა საუკეთესო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებენ.
განმარტებით ბარათში კანონპროექტის შემუშავების მიზეზად დასახელებულია პრობლემა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც 14 წლამდე ბავშვების მიერ ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევებზე რეაგირებისთვის გამოიყენება. პირველ რიგში გკითხავთ, არის თუ არა ეს სწორი შეფასება და არის თუ არა საჭიროება, შეიქმნას ახალი სტრუქტურა ბავშვთა სავარაუდო დანაშაულების პრევენციისთვის?
როდესაც მსგავსი რაღაც კეთდება, უნდა იყოს კვლევასა და ანალიზზე დაფუძნებული. მაგალითად, არსებობს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც 7-დან 14 წლამდე ბავშვებს ემსახურება. მათი ერთ-ერთი დანიშნულება არის, რომ იმუშაონ ბავშვებთან, რომელთაც აქვთ რთული ქცევა. თუნდაც, ამ ცენტრში მიყვანილ ბავშვებზე გაკეთდა მოკვლევა, რომ ვთქვათ, არ მუშაობს ეს ცენტრი და ამიტომ გადავწყვიტე, რომ დახურული დაწესებულება შევქმნა?! რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ გაკეთებულა.
კიდევ ამბობენ იმას, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნება გათვალისწინებული მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. მაგრამ, კანონპროექტში არსად არ არის ნახსენები არც სოციალური მუშაკი, არც ფსიქოლოგი. არ არის ნახსენები იმიტომ, რომ ეს მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნები ნებისმიერი სპეციალობის, მათ შორის, შესაძლებელია, ნეპოტიზმით დასაქმებული ადამიანის მომზადებულ რაღაცა ჩანაწერს გულისხმობდეს, რომელიც, არ გამოვრიცხავ, რომ მიკერძოებულად შეაფასებს ამ ბავშვს – რა საჭიროებას გაწერს და რა სარეაბილიტაციო პროგრამას, არ ვიცით ჩვენ. არ ვიცით, იმუშავებს თუ არა ეს ყველაფერი.
ჩვეულებრივად, მსგავსი პროცესი ეფუძნება კვლევებს. მაგალითად, განრიდება-მედიაციის პროგრამა როცა დავაფუძნეთ, როცა ვმუშაობდით რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, როგორც არასრულწლოვანებთან, ასევე ზრდასრულებთან, ყველა ამ პროცესს წინ უძღოდა მოკვლევა, ამ მოკვლევის შემდეგ პილოტი სამიზნე ჯგუფებთან, შემდეგ კი, უკვე ამ ყველაფრის საფუძველზე რაღაც მიმართულების დანერგვა.
დღეს ვიგებთ, რომ ასე უცბად გადაწყდა რაღაც, რაც ჩვენ მომავალ თაობას უქმნის საფრთხეს. მაგალითად, 10 წლის ბავშვი იპარავს ტკბილეულს … ნაცვლად იმისა, რომ ასეთ ბავშვებთან იმუშაონ ოჯახში – რა ხდება ოჯახში? – განათლების სისტემაში – რა ხდება სკოლაში? – მოკიდებენ ამ ბავშვს ხელს და მიჰყავთ ჯერ ცენტრში და მერე დახურულ დაწესებულებაში. რატომ? იმიტომ, რომ სწორი მიდგომა, მუშაობა, ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
სანამ გადავალთ იმაზე, რა არის სწორი მიდგომა, გკითხავთ, რატომ არის პრობლემა, რეაბილიტაციის პროცესი თუნდაც დახურული ტიპის დაწესებულებაში გაიაროს მოზარდმა? კანონპროექტის მიხედვით, ამ “სახლში” ბავშვის მოთავსების გადაწყვეტილებას მოსამართლე მას შემდეგ იღებს, რაც მოზარდი ამოწურავს რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის სერვისებსა თუ პროგრამებს. დოკუმენტის მიხედვით, ეს ცენტრიც მომავალში უნდა შეიქმნას იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე.
ამ ასაკის ბავშვი დახურულ დაწესებულებაში უკვე პრობლემაა. ახლო წარსულში საქართველოში არსებობდა მსგავსი დახურული დაწესებულება, სადაც თავსდებოდნენ ბავშვები რთული ქცევით – სამტრედიის სკოლას ეძახდნენ. ის სკოლა დახურეს ზუსტად იმიტომ, რომ ბავშვები არ იყვნენ გარემოში, სადაც მათი სრული რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია ხდებოდა. თუმცა იმ სკოლაში მყოფ ბავშვებსაც არ ერქვათ კანონთან კონფლიქტში მყოფნი. დღეს, აი, ამ კანონპროექტით, შემოდის ეს ტერმინი. 12-13 წლის ბავშვს ვიღებთ, როგორც პატიმარს.
მართალია, დღეს კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ 12 თვეზე მეტი არ უნდა გაატაროს ბავშვმა ამ ცენტრში, მაგრამ შესაძლებელია, მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით ბავშვი იმავე დაწესებულებაში დატოვონ. ან, თუ ეს ბავშვი ამ სახლიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ჩაიდენს დანაშაულს, შეუძლიათ მოათავსონ უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში.
უფრო დეტალურად რომ განგვიმარტოთ, რა რისკებს ხედავთ ამ კანონპროექტში. რატომ იქნება დამაზიანებელი ბავშვებისთვის ის მიდგომა, რომელსაც ინიციატორები გვთავაზობენ?
მოგეხსენებათ, მართლმსაჯულების სისტემა არის ლიბერალური არასრულწლოვანების მიმართ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ განვითარებული ფიზიკური და ფსიქიკური უნარები იმდენად, რომ შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილება მიიღონ. თუნდაც 14-დან 18 წლამდე. ჩვენი კარგი მართლმსაჯულების კოდექსით, უკვე 21 წლამდე ასაკში მოზარდი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მართლმსაჯულება უნდა იყოს ლიბერალური. ერთი მხრივ, ამას ვამბობთ, მაგრამ მეორე მხრივ, მცირე ასაკის ბავშვებს ვათავსებთ დახურულ დაწესებულებაში, რომელიც აჩვევს ბავშვებს “კანონთან კონფლიქტში მყოფის” როლს. ეს არის სტიგმატიზაცია. მოირგებენ ამ როლს, რომლიდან გამოსვლაც მოზრდილ ადამიანებს უჭირთ, არათუ ბავშვებს.
მათი იდენტიფიკაცია სამყაროსთან და გარემოსთან ზუსტად ამ ასაკში ხდება. მოზარდობის ასაკში, როდესაც ბავშვი იწყებს საკუთარი თავის ძიებას, როდესაც იწყებს სამყაროს შეცნობას, ფიქრს, თუ როგორ უნდა დაიმკვიდროს თავი საზოგადოებაში, ზუსტად ამ პერიოდში ის ხვდება დახურულ დაწესებულებაში. სხვა მოდელი მას არ ეძლევა. ეს ძალიან საშიშია. სამწუხაროდ, ვბრუნდებით იმ პერიოდში, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებებში იყო 200-300 ბავშვი. არადა, ახალი მართლმსაჯულების კოდექსის, პრევენციის და ლიბერალური მიდგომების შედეგად 20-25 ბავშვამდე ჩამოვედით. დღეს ასაკით უფრო პატარა ბავშვებზე ხდება დახურულ დაწესებულებაში მოთავსების გადაწყვეტილება. ეს არ არის პრევენცია, ეს არის დასჯა. ძალიან კარგი ტერმინებით აქვთ შეფუთული, თუმცა ეს არის ბავშვების დასჯაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება. საბჭოთა კავშირშიც კი არ ხდებოდა, რომ 10, 11, 12, 13 წლის ბავშვები დაეჭირათ და დახურულ დაწესებულებაში გადაეყვანათ.

ნინო ტყეშელაშვილი
როგორ ფიქრობთ, რატომ დააინიციირა “ქართულმა ოცნებამ” ეს კანონპროექტი? კომპეტენციის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე, თუ სხვა რამე მიზანი შეიძლება ჰქონდეს ამ ინიციატივას?
გამიჭირდება იმის წარმოდგენა, ამ კანონპროექტის ავტორებს რა აზრი უტრიალებთ თავში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის კიდევ ერთი გაუაზრებელი კანონი, რომელიც არ ეფუძნება არც კვლევას, არც ანალიზს, არც შედეგებზე ორიენტირებულობას. ეს არის რაღაც ქულების დაწერა ჩვენი მომავალი თაობების ხარჯზე.
ამბობთ, რომ ეს არის დასჯა და არა პრევენცია. მაშ, რა არის პრევენცია? როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ამ ასაკის ბავშვების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები?
რა იწვევს ბავშვის დანაშაულს? ბავშვის დანაშაულს შესაძლებელია იწვევდეს ბიოლოგიური ფაქტორები – შეიძლება იყოს ძალიან ჰიპერაქტიული, შეიძლება იყოს აგრესიული, შეიძლება იყოს ძალადობრივი ქცევის მატარებელი. ეს შეიძლება ოჯახიდანაც მოდიოდეს, ვთქვათ, დედა ძალადობდეს ან მამა, ან კონფლიქტები იყო ოჯახში და მშობელი იყოს როლური მოდელი. შეიძლება იყოს აღზრდის პრობლემები; ასევე, შეიძლება იყოს მაკროფაქტორები. ვთქვათ, მასმედიით გაშუქებული ძალადობა. რაც ხდება დღეს, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ძალადობს, თუ არ ისჯება, ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი. ეს ყველაფერი ბავშვებზე მოქმედებს.
ეს არ იკვეთება მხოლოდ მოზარდობის ასაკში. ეს იწყება პატარა ასაკიდან. თუ ოჯახი ვერა, განათლების სისტემამ მაინც უნდა მიაქციოს ყურადღება. კერძოდ, სკოლა, სადაც ჩანს ბავშვის ჰიპერაქტიურობა, იმპულსური ქცევა, აგრესიული ქცევა თუ ასე შემდეგ. ანუ, ბავშვის პრობლემას პირველი უნდა ხედავდეს სკოლა. ასე ხდება ზოგადად განვითარებულ ქვეყნებში.
როდესაც ხედავს სკოლა, რომ ბავშვს აქვს გარკვეული პრობლემა, აუცილებლად ატყობინებს მშობელს და თუ მშობელი ამაზე რეაგირებას არ ახდენს, მიმართავს ზრუნვის სააგენტოს, ჩვენს შემთხვევაში – ჯანდაცვის სამინისტროში. ერთვება ჯანდაცვის სისტემა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშობელი გააძლიეროს, კონსულტაცია გაუწიოს, ფსიქოლოგთან ატარონ ბავშვი; თუ არის გარკვეული ქცევითი ან პიროვნული აშლილობები და მედიკამენტი სჭირდება, შეიძლება მედიკამენტიც დაენიშნოს; სოცმუშაკი უნდა იყოს ჩართული და ამ ყველაფრის მონიტორინგი გააკეთოს, რომ ბავშვი სანამ მოზარდი გახდება, მანამდეც მართოს მისი ქცევა. ამას უნდა აკეთებდეს სახელმწიფოს ბევრი სტრუქტურა ერთობლივად, მულტიდისციპლინურად.
თუ ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, გათვალისწინებულია, თუ ასე ზრუნავს სახელმწიფო ბავშვებზე, ამ ბავშვების ჩაკეტვა ცენტრში, ან სადღაც სახლში მოთავსება ნამდვილად აღარ იქნება საჭირო. იმიტომ, რომ ამ ბავშვს ექნება შესაბამისი ზრუნვა ყველა ასაკში და ყველა დონეზე. თუ ბავშვს დახმარება სჭირდება, ის არ უნდა შეეცადოს მიიქციოს ყურადღება ქურდობით და ვიღაცაზე თავდასხმით, ან ძალადობით, არამედ ითხოვოს ეს დახმარება. აი, ამას უნდა აკეთებდეს ეს სტრუქტურები.
მეორე შემთხვევაა, თუ ბავშვი მაინც არის ქუჩაში, თუ ბევრი თავისუფალი დრო აქვს და ამის კონტროლი ვერ ხდება იმ უწყებების მიერ, ვინც ჩამოვთვალე, შესაძლებელია ბავშვი გახდეს ზრდასრული ადამიანების მსხვერპლი. თქვენ როგორ გგონიათ, მობილურების მაღაზიას რომ ტეხავს მოზარდების ჯგუფი, ეს რომელიმე მოზარდის დაგეგმილი და განხორციელებულია? ცხადია, ასეთ ჯგუფებს ყოველთვის ჰყავს ზრდასრული ადამიანი – წამახალისებელი და სარგებლის მიმღები. ამ ადამიანების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, მაგრამ რა ხდება? ამ ადამიანების იდენტიფიცირება კი არ ხდება, ბავშვებს ვიჭერთ და ვსჯით. აი, ეს არის პრობლემა.
არაერთხელ გაუსვით ხაზი, რომ მსგავსი ქცევის მქონე ბავშვებთან დამსჯელობითი მიდგომა არასწორია. უფრო კარგად რომ ავუხსნათ ნეტგაზეთის მკითხველს, რატომ არის დასჯა მიუღებელი და რა უარყოფით შედეგებს მოგვიტანს ის?
პატარა ბავშვი, ვინმე გიორგი, თუ იპარავს სხვა ბავშვების ნივთებს სკოლაში და თუ ამისთვის გიორგის მკაცრად დასჯის სკოლა, და სჯის ხშირ შემთხვევაში – გათათხავს, გალანძღავს, მშობელს დაიბარებს, მშობელიც დასჯის და ა.შ. გიორგის არ ექნება იმის საშუალება, გაიაზროს, რომ ცუდ რამეს აკეთებს. პირიქით, ამ დროს მუშაობს თავდაცვის ინსტინქტი და შეიძლება უფრო მეტად გართულდეს სიტუაცია. მაგალითად, ისეთი რაღაცების მოპარვა დაიწყოს მაღაზიაში, რაც არ უქნია. სამაგიერო გადაუხადოს და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ამ ასაკში, როდესაც ბავშვი იპარავს, ან ვინმეს ხელს ურტყამს, ეს შეიძლება იყოს დასწავლილი ქცევა – აკეთებს იმას, რასაც ხედავს, მაგალითად, ოჯახში. ამას ყურადღება უნდა მიაქციოს სკოლამ, განათლების სისტემამ. უნდა მივიდეს სოცმუშაკი, შეაფასოს, მერე უნდა ხდებოდეს მონიტორინგი – რამდენად შეიცვალა ამ ბავშვის მდგომარეობა, რამდენად გაუმჯობესდა და ა.შ. თუ ასე მიაქცევს სახელმწიფო ყურადღებას, ბავშვი აღარც მოიპარავს, აღარც ვინმეზე იძალადებს. რაღატომ ვათავსებთ მაშინ, დახურულ დაწესებულებაში?
ავიღოთ 12 წლის ბავშვი, რომელიც, ვთქვათ, მაღაზიას ქურდავს. ფსიქოლოგიურად რომ შევხედოთ, რატომ იპარავს ეს ბავშვი? ან მშიერია, ან რაღაც ისეთი ემოციის, ისეთი შთაბეჭდილების მიღება უნდა, რომელსაც სხვა რაღაცისგან ვერ იღებს. აქ არის გასარკვევი, რით უნდა დავეხმაროთ ამ ბავშვს, ზუსტად მისი საუკეთესო ინტერესი გავითვალისწინოთ და მაგაზე ვიმუშაოთ და არა ის, რომ მოვკიდოთ ამ ბავშვს ხელი და დახურულ დაწესებულებაში მოვათავსოთ. ანუ, უფრო მცირე ასაკიდან უნდა დაიწყოს ამ ყველაფრის შემჩნევა და ზრუნვა, რომ მერე, უკვე მოზარდობის პერიოდში ასეთი ქცევა აღარ მივიღოთ.
როდესაც ბავშვს არა აქვს საშუალება, შემეცნებით ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა, სპორტულ აქტივობებში მიიღოს მონაწილეობა, სხვა რამე ნახოს გარდა იმისა, რომ სკოლაში დადის, ზუსტად ამ დროს შეიძლება მივიდეთ გარკვეულწილად დევიაციურ ქცევამდე.
სად ხედავთ გამოსავალს? რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ის უარყოფითი შედეგები, რაც შეიძლება ამ ინიციატივის განხორციელებას მოჰყვეს?
პირველ რიგში, ის, რასაც მე და თქვენ ვაკეთებთ – არ გავჩუმდეთ. აუცილებელია, რომ სფეროს წარმომადგენლები – ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, მედიატორები, ვინც ამ თემაზე მუშაობს, იურისტები, მასწავლებლები, მშობლები, ყველა დადგეს და თქვას, რომ ეს არის ცუდი.
კითხვა დასვან. შეიძლება ჩემნაირად არ ფლობენ ინფორმაციას და ექსპერტული გამოცდილება არა აქვთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ხვდება, რომ 10 წლის ბავშვის დახურულ დაწესებულებაში მოთავსება არ არის დანაშაულის პრევენცია.
ამ ჯგუფებმა უნდა იკითხონ, რატომ, რა შედეგს მოგვიტანს და რა სარგებელი ექნება ბავშვს, პირველ რიგში. ბავშვის საუკეთესო ინტერესი ნიშავს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილება, რომელსაც იღებენ მისთვის, იყოს მისთვის სასარგებლო. უნდა ვიკითხოთ, არის თუ არა ეს მისი საუკეთესო ინტერესი. ყველა სფეროს წარმომადგენელმა უნდა ისაუბროს ამაზე. მთავარია, არ გავჩუმდეთ. იმიტომ, რომ ერთობა, ხმაური, გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ შეიძლება ეს ყველაფერი შეცვალონ.
ნინო ტყეშელაშვილს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება. მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე. 2016 წლიდან 2025 წლამდე იყო პრობაციის სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი. 2025 წლის პირველ იანვარს სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამავე პეროდში გათავისუფლებული სხვა ასობით საჯარო მოხელის მსგავსად, ტყეშელაშვლიც, ამ ფაქტს უკავშირებს მის სამოქალაქო პოზიციას. კონკრეტულად, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების კრიტიკას ევროავშირიში გაწვერიანების პროცესის შეჩერების შესახებ.
ამავე თემაზე:








