ახალი ამბები

“ხელით ვერ მივწვდი, წიხლი დავარტყი” – ბერაია გოცირიძესთან ფიზიკურ დაპირისპირებაზე

12 დეკემბერი, 2019 • 1752
“ხელით ვერ მივწვდი, წიხლი დავარტყი” – ბერაია გოცირიძესთან ფიზიკურ დაპირისპირებაზე

პარლამენტში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ “ქართული ოცნების” დეპუტატი დაჩი ბერაია და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე. ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტებთან დაჩი ბერაიამ განაცხადა, რომ გოცირიძეს “ხელით ვერ მისწვდა” და “წიხლი დაარტყა”, რისთვისაც საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

ბერაიას თქმით, დაპირისპირება მოჰყვა რომან გოცირიძის მიერ ფეისბუკზე რამდენიმე დღის წინ დაწერილ პოსტს. დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციონერ კოლეგას ამ განცხადებაზე მიუთითა, მისგან კი საპასუხო შეურაცხყოფა მიიღო, რაზეც მისი თქმით, “ბუნებრივი და ადეკვატური რეაქცია” ჰქონდა:

“პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას იმისთვის, რაც მოხდა. რაც შეეხება ინციდენტს, რომან გოცირიძე არის მატყუარა და უზრდელი ადამიანი. მე მივუთითე, რომ სირცხვილია, რასაც ის აკეთებს ამის შემდეგ მე მივიღე მისგან შეურაცხყოფა, მივუთითე ასაკის შესახებ, წესიერად მოიქეცი-მექთი. მომაყენა შეურაცხყოფა. ამის შემდეგ ჩემი რეაქცია იყო, ჩემი აზრით, ბუნებრივი და ადეკვატური, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. ხელით ვერ მივწვდი, წიხლი დავარტყი”, – ამბობს ბერაია.

ინციდენტის შესახებ ისაუბრა რომან გოცირიძემაც. მისი თქმით, ფეისბუკ-სტატუსი, რომელსაც დაპირისპირება მოჰყვა, “ქართული ოცების” იმ მაჟორიტარებს ეხებოდა, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ჩააგდეს, სანაცვლოდ კი თანამდებობრივად დაწინაურდნენ:

“მოვიდა, რაღც პრეტენზიები გამოთქვა. ორიოდე დღის წინ დავწერე, ნაცვლად იმისა, ივანიშვილს ეს ურჩი ადამიანები დაესაჯა, ყველა დააწინაურა. დასასჯელი ადამიანები დააწინაურა და ეს იყო ძლაიან ცინიკური გადაწყვეტილება “ქართული ოცნებისა”. ამ უსახური ლაქიების მეშვეობით დგამდა აქ ინტრიგებს.

ეს დავწერე ფეისბუკზე. როგორც ჩანს, ეწყინა, მოვიდა და დამიწყო საქმის გარჩევა, იყო უსიამოვნო საუბრები. ბუნებრივია, ვუთხარი, ვინ იყო და რას წარმოადგენდა და ალბათ მოხვდა გულზე”, – ამბობს გოცირიძე ტელეკომპანია “პიერველთან”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი