ახალი ამბები

“კაცებიც არ ჰყავთ, ქალებს უშვებენ პერფორმანსების დასადგმელად” – მამუკა მდინარაძე

12 დეკემბერი, 2019 • 1035
“კაცებიც არ ჰყავთ, ქალებს უშვებენ პერფორმანსების დასადგმელად” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პარლამენტში “უნიჭო და მდაბიო” პერფორმანსის დადგმაში ადანაშაულებს “ევროპული საქართველოს” დეპუტატებს – ლელა ქებურიას და ირმა ნადირაშვილს.

“საქმე გვაქვს ყველაზე მდაბიო საქციელთან, თუკი რამე შეიძლება მოიფიქროს ადამიანის გონებამ. “ნაცმოძრაობა” თავისი სატელიტი პარტიებით თუ მოძრაობებით დღეს დამთავრდა ასეთი ბანძი მოქმედებით (ბოდიში საზოგადოებასთან), ასეთი გოიმური მოქმედებით. იმდენად მდაბიო და სასაცილო საქციელი ჩაიდინეს, რომ დამთავრდნენ. ამას არც ბავშვობა ჰქვია, არც პერფორმანსი ჰქვია, ამას ჰქვია ცუდად მოფიქრებული დესტრუქცია”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, “ევროპული საქართველოს” ორი ქალი წარმომადგენელი – ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია – იყვნენ შემოსული. ერთ-ერთი, გადახვეული შარფით ხელში. მდინარაძის თქმით, თუ ირმა ნადირაშვილი არ ყოფილა პარლამენტში და პარტიის ოფისშია, მას პირადად ეახლება და ბოდიშს მოუხდის.

“ენძელა მაჭავარიანი არის ალერგიული, ახალი ნაოპერაციები და არის ახლა ძალიან ცუდად. ამაზეც აიღებს პასუხისმგებლობას ის ვიღაც “სირცხვილია” თუ “ნაცმოძრაობის” რაღაც დამატება? არ შეიძლება ასეთი მდაბიო საქციელები საქართველოს პარლამენტებში. დარწმუნებული ვარ, კრიმინალზე ვერ წავიდოდნენ, ვერ გაბედავდნენ და არაფერი ისეთი არ იქნება. მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის გადავწყვიტეთ, უსაფრთხოების მიზნით დეპუტატები და ჟურნალისტები გაგვეყვანეთ დარბაზიდან. ერთი ფაქტია, რომ კაცებიც არ ჰყავთ, რომ შემოვიდნენ და თუ რამე პერფორმანსის დადგმა უნდათ, ეს მამაკაცებმა გააკეთონ. ქალებს უშვებენ რაღაც უნიჭო, მდაბიო, გოიმური პერფორმანსების დასადგმელად”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ორი დეპუტატი სხდომათა დარბაზში შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაღვარა. ადგილზე მოვიდნენ პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმის გასარკვევად, რა ნივთიერება დაირღვარა პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაყენებული სუნის გამო პასუხისმგებლობა მოძრაობამ “სირცხვილია” აიღო. ამის შესახებ მოძრაობამ ფეისბუქზე დაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი