ახალი ამბები

ბატონ ანრის არ გაუცია დავალება – კილაძე კომიტეტიდან ჟურნალისტების გაყრაზე

12 დეკემბერი, 2019 • 862
ბატონ ანრის არ გაუცია დავალება – კილაძე კომიტეტიდან ჟურნალისტების გაყრაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სამწუხაროს უწოდებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს, როდესაც მანდატურებმა მათ ძალის გამოყენებით დაატოვებინეს დარბაზი.

“ჟურნალისტების საქმიანობა უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მედიის საქმიანობა იყოს ხელშეუხებელი. ძალიან სამწუხარო იყო, რომ მოხდა გაურკვევლობა, შეხლა-შემოხლა და მე და რატი იონათამიშვილს მოგვიწია ჟურნალისტების სათითაოდ შემოყვანა იურიდიული კომიტეტის დარბაზში. საბოლოო ჯამში, ეს ინციდენტი ამოიწურა. ჩვენ დეტალებში მივადევნებთ თვალყურს ამ საკითხს და გვარკვევთ, ზუსტად რა მოხდა”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, ეს არ იყო წინასწარ ორგანიზებული და “ბატონ ანრის [ოხანაშვილს ნამდვილად] არ გაუცია დავალება, გაეყარათ ჟურნალისტები დარბაზიდან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს დარბაზი. ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან მივიდა და უთხრა, რომ სიტყვა მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომიტეტის სხდომას არ ჩაატარებინებდა. მედია მათი საუბრის გადაღებას შეეცადა.

კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გამოაგდეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი