ახალი ამბები

რუსთავში მშენებლობიდან 2 მუშა გადმოვარდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა

11 დეკემბერი, 2019 • 1640
რუსთავში მშენებლობიდან 2 მუშა გადმოვარდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა

რუსთავში, კოსტავას გამზირზე მშენებლობიდან, რომლის დამკვეთიც რუსთავის მუნიციპალიტეტია, 2 მუშა გადმოვარდა და დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ადგილობრივმა გამოცემა „ინფო რუსთავმა“, რომლის თანახმადაც დაშავებულები 24 და 28 წლისანი არიან.

„ნეტგაზეთს“ სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, რომ მათა ღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანება და რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

რუსთავის ცენტრალურ კლინიკის დირექტორის მოადგილე დავით გოგოძე „ინფო რუსთავთან“ საუბარში ამბობს, რომ ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ამჟამად აპარატულ სუნთქვაზეა გადაყვანილი.

„პაციენტი იყო დეზორიენტირებული, აღგზნებული, არაადეკვატური, უკონტაქტო, უმძიმეს მდგომარეობაში მოყვანილი. მიმდინარეობს კვლევები, ამ ეტაპზე გამოირიცხა თავის ტვინის, კისრის, გულმკერდის შინაგანი დაზიანებები, თუმცა გრძელდება დაკვირვება“, — ამბობს ის.

კლინიკის დირექტორის მოადგილის თქმითვე, ამ პაციენტს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ; რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელსაც ასევე აღენიშნებოდა  მცირე დაზიანებები,მისი მდგომარეობა დასტაბილურებულია, თუმცა ისიც რჩება საავადმყოფოში.

„ნეტგაზეთს“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო შრომის დაცვის წესის დარღვევის მუხლით (სსკ-ის 170-ე მუხლით).

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამუშაო ადგილის შესასწავლად უკვე გასულია შრომის ინსპექტორთა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის, იყო თუ არა დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები. „ნეტგაზეთი“ შრომის ინსპექტორებისგან დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

რას ითვალისწინებს ეს მუხლი

1. უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

„ნეტგაზეთს“ რუსთავის მერიაში დაუდასტურეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მათი დაკვეთით მიმდინარეობს.

მერიის პრესსამსახურის ცნობითვე, ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა „ქრეათივ იმფშენ კავკასუსი“, თუმცა, მათ თანახმად, უშუალოდ სამუშაოებს აწარმოებს ამ კომპანიის ქვეკონტრაქტორი კომპანია, შპს „მარკიზი“.

„ნეტგაზეთი“ ეცდება მათთან დაკავშირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი