ახალი ამბები

პარლამენტის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

11 დეკემბერი, 2019 • 1306
პარლამენტის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

გვიან ღამით პარლამენტის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. როგორც უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, მომხდარის გამო ადმინისტრაციული წესით ორი პირია დაკავებული.

უცნობი პირები მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ოპოზიციის კარავში მყოფებს დაუპირსპირდნენ.

დაკითხვიდან გამოსული მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პოლიციელებმა ჰკითხეს, ვინ იყვნენ ის პირები, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, ის მხოლოდ აშველებდა.

მაჩალიკაშვილი დაპირისპირების პროვოცირებაში ადანაშაულებს იმ აქტივისტებს, რომლებმაც 10 დეკემბერს ოპოზიციის წინააღმდეგ პარლამენტთან  “კონტრკარავი” დადგეს.

“აქ მყოფი ადამიანების პირდაპირი წაქეზებით მოდიან. ამათი თანამოაზრეები არიან, დღეს ვინც ეს [ჩხუბი] დაიწყო. აქამდე დაპირისპირება არ მომხდარა. ეს ჯგუფი იმისთვის არის მოსული, რომ პროვოკაციები მოაწყონ და აქ რაღაც უბედურება მოხდეს”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი “მთავარ არხთან”.

გუშინ, 10 დეკემბერს, ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ, სახელად „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“, პარლამენტთან კარავი გაშალა ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს ორგანიზაცია 9 დეკემბერს დაფუძნდა. როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, მისი შექმნის მიზანი ოპოზიციის მონაწილეობით გამართული აქციებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.

„ეს არ არის კონტრაქცია… ეს არის კონტრკარავი“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში შაკო კუჭაშვილი, პარლამენტთან ოპოზიციის წინააღმდეგ კარვების დადგმის ერთ-ერთი ინიციატორი. ამ დროისთვის რუსთაველზე, პარლამენტის წინ კარავი გაშლილი აქვს მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის მომხრეებს.

მთავარ ფოტოზე: ჩხუბი პარლამენტთან. 11 დეკემბერი, 2019. ინტერპრესნიუსი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი