ორგანიზაციამ “შევინარჩუნოთ სიცოცხლე”, რომლის მხარდამჭერებს შორის არიან მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” დათო ლორთქიფანიძე და მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე, პარლამენტთან კარავი გაშალა.
აღნიშნული ორგანიზაცია გუშინ, 9 დეკემბერს დაფუძნდა. როგორც ორგანიზაციის სხვა წევრები აცხადებენ, “შევინარჩუნოთ სიცოცხლის” შექმნის მიზანი ოპოზიციის მონაწილეობით გამართული აქციების წინააღმდეგობაა:
“ჩვენ დავინახეთ კასრები რუსთაველზე, დავინახეთ 90-იანების სტილში მოწყობილი ქვეყნის მთავრი გამზირი. ჩვენთვის ეს ძალიან რთულია და ამას გავუწევთ წინააღმდეგობას. ჩვენ არ მოგვწონს კონსტიტუციის მიღმა ქმედებები, რომელსაც ისინი ახორციელებენ და მივიჩნევთ, რომ მათ უნდა გავცეთ პასუხი”, – ამბობს ორგანიზაციის წევრი შაკო კუჭაშვილი ტელეკომპანია “პირველთან”.