ახალი ამბები

„ეგეთი ლიბერასტი ვედრო მანეთია“ – საზმაუს ბორდის წევრი ევროპარლამენტარზე

10 დეკემბერი, 2019 • 2316
„ეგეთი ლიბერასტი ვედრო მანეთია“ – საზმაუს ბორდის წევრი ევროპარლამენტარზე

„ეგეთი „ლიბერასტი“ პარლამენტარი „ვედრო მანეთია“ ევროპარლამენტში“, — ამ შეურაცხმყოფელი ფრაზით გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი ირაკლი პაპავა ფეისბუკზე ევროპარლამენტის დეპუტატის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

9 დეკემბერს პირველ არხზე ირაკლი აბსანძის საავტორო გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ ევროპარლამენტარმა, გერმანელი „მწვანეების“ წევრმა ვიოლა ვონ კრამონმა მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს ექსპრემიერი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. კრამონმა განაცხადა:

„ძალიან ფრთხილად რომ გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ბატონმა ივანიშვილმა საკუთარი ინტერესები გამოხატა და მისებურად ზეწოლა მოხადინა… ეს არის ძალიან გასაბრაზებელი… [2012 წელს, როდესაც] ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში, ჩვენ ვაკრიტიკებდით მიხეილ სააკაშვილს [რომელიც აკეთებდა იმავეს], რასაც დღეს აკეთებს „ქართული ოცნება“…. ეს არის მხარეთა შეცვლა, რამაც გული დამწყვიტა, გამაწბილა და იმედი მაქვს, რომ ბატონი ივანიშვილი კიდევ დაუფიქრდება იმას, რომ დროულად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა“.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ირაკლი პაპავამ გადაცემის ფეისბუკის გვერდზე დაწერა აღნიშნული კომენტარი:

სქრინშოთი გადაცემის ფეისბუკის გვერდიდან

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ირაკლი პაპავას, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ კომენტარი ნამდვილად მას ეკუთვნის და გვითხრა, რომ ამ კომენტარით გამოხატა „ირონიული დამოკიდებულება იმიტომ, რომ ნათლად ჩანდა მისი პოლიტიკური ორიენტაცია“.

კითხვაზე, მისი აზრით, მისაღებია თუ არა მაუწყებლის ბორდის წევრის მხრიდან მსგავსი კომენტარი, გვიპასუხა: „ეგ თქვენ განსაჯეთ თქვენებურად და მე განვსჯი ჩემებურად, რამდენად მისაღებია“.

„ჩემი ნება არ არის, ჩემს პირად გვერდზე რას დავწერ“? — კითხულობს ის და ამბობს, რომ მისი აზრით, ეს კომენტარი შეურაცხმყოფელი არ არის.

ირაკლი პაპავა, სამ კანდიდატთან ერთად, ბორდის წევრად 2016 წელს დაამტკიცა პარლამენტმა 6 წლის ვადით. ის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა წარადგინეს.


„ლიბერასტი“ შეურაცხმყოფელი სიტყვაა, მიღებული „ლიბერალისა“ და ჰომოფობიური, შეურაცხმყოფელი სიტყვა „პედერასტის“ შეერთებით. ამ სიტყვას ჰომოფობიური და ანტილიბერალური განწყობების გამოსახატავად და ობიექტის დასამცირებლად იყენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი