GPB-ს საბჭოს ახალი წევრები თანამდებობებს ოფიციალურად 17 აპრილიდან დაიკავებენ

სულხან სალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი 4 წლის განმავლობაში იქნება, ხოლო გიორგი ნიჟარაძე- 6 წელი. ამის შესახებ  დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა:

“წილისყრაში მონაწილეობდნენ თინა ბოკუჩავა, ვიქტორ დოლიძე, ასევე გიგი წერეთელი ესწრებოდა წილისყრას. წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ჩვენ მიერ არჩეული მეურვე, ბატონი სულხან სალაძე ამ თანამდებობაზე აირჩა ოთხი წლით, ხოლო ბატონი გიორგი ნიჟარაძე – 6 წლის ვადით. ეს დადგენილებაში აისახება. დანარჩენი ორი წევრიც ექვსი წლით გამწესდა თანამდებობაზე. დადგენილებები ძალაში 17 აპრილიდან შევა ძალაში, მაშინ, როდესაც მოქმედ წევრებს გასდით ვადა და მათ ნაცვლად შევლენ, ყოველ შემთხვევაში,  ორი მათგანი,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

დღეს, 13 აპრილს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ ადგილებზე წარდგენილი კანდიდატები აირჩია. თითოეული მათგანის დასამტკიცებლად სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 ხმა იყო საჭირო.

დეპუტატებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ერთხმად აირჩიეს:

ირინა ფუტკარაძე,  საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ კანდიდატი-   104 ხმით არც ერთის წინააღმდეგ;

გიორგი ნიჟარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ წარდგენილი კანდიდატი -108 ხმით არც ერთის წინააღმდეგ;

სულხან სალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ წარდგენილი – 104 ხმით არც ერთის წინააღმდეგ;

ირაკლი პაპავა – საპარლამენტო უმრავლესობის  წარადგენილი –  104 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.