ახალი ამბები

ნოემბერში თბილისის აეროპორტში მგზავრების ოდენობა 18%-ით შემცირდა, ქუთაისში 50%-ით გაიზარდა

9 დეკემბერი, 2019 • 905
ნოემბერში თბილისის აეროპორტში მგზავრების ოდენობა 18%-ით შემცირდა, ქუთაისში 50%-ით გაიზარდა

ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების ნაკადი 18% შემცირდა, ქუთაისის აეროპორტში კი 50%-ით გაიზარდა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბერში თბილისის აეროპორტი ჯამში 214 571 მგზავრს მოემსახურა, ქუთაისის აეროპორტით კი 72 032-მა მგზავრმა ისარგებლა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების ოდენობა 11 თვის მონაცემებითაც 2%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება ქუთაისს, 11 თვეში აქ მგზავრების ოდენობა 41%-ით გაიზარდა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, რუსეთის მიერ ცალმხრივად ფრენების შეწყვეტა რომ არ მომხდარიყო, ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 13%-ით უნდა გაზრდილიყო. ქუთაისის აეროპოტრში მგზავრების ოდენობის მოსალოდნელზე მეტად ზრდას, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს უკავშირებს.

“ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები მოლოდინებზე მეტია, ქუთაისის აეროპორტია. 2019 წლის დასაწყისში, ნოემბრის თვეში 42 % ზრდის მოლოდინი იყო, რეალურად კი – 50 % ზრდა გვაქვს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქუთაისში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოვიდა და ასევე მოსალოდნელზე უკეთ მუშაობს Wizz air-ის ახალი მიმართულებები,”-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

2019 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 4 869 190 მგზავრს მოემსახურა, რაც 4% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 4 696 115 მგზავრი).

აეროპორტების გაერთიანების ცნობითვე, 2019 წლის ნოემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 26,311 მგზავრმა ისარგებლა. რაც 7 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება 11 თვის ჭრილს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრების ნაკადი 3%-ით გაიზარდა და 597,939 მგზავრი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი