ახალი ამბები

მაჭავარიანი ენმ-დან წასულებზე: ვიღაც ფიქრობს, რომ ახლა ის დროა, მიხეილი გავგლიჯოთ

27 მაისი, 2015 • • 1114
მაჭავარიანი ენმ-დან წასულებზე: ვიღაც ფიქრობს, რომ ახლა ის დროა, მიხეილი გავგლიჯოთ

ზურაბ ჯაფარიძე პარტიიდან წასვლის მიზეზად ასახელებს, რომ  არ მოხდა “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური ძალის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. რეალურია თუ არა ეს მიზეზი? 


20 წელია პოლიტიკაში ვარ და ასეთი განწყობა პირველად მაქვს. ყოველთვის ვიცოდი, რომ რასაც ვაკეთებდი, იმაში ვიყავი დარწმუნებული. შეიძლება არ ვიყავი პოპულარული, მაგრამ ვიყავი მართალი. ჩემს მეგობრებსაც ვთხოვ, რომ ისაუბრონ რეალურ მიზეზებზე და არა ის, რაც ამ შემთხვევაში კარგად გაიყიდოს. 

 

დასახელებულ მიზეზს არ ეთანხმებით, მაშინ რა მოხდა რეალურად? 


პარტიის განახლების პროცესი დაიწყო 2013 წელს. როცა ჩვენ შევქმენით პოლიტსაბჭო და ავირჩიეთ 63 კაცი. გამოვაცხადეთ ღია კონკურსი აღმასრულებელ მდივნობაზე. გარდა აღმასრულებელი მდივნისა, იყო 6 კანდიდატურა. იყო ჩვეულებრივი კონკურენცია და რამდენიმე კანდიდატურა. აღმასრულებელ მდივნად მე ამირჩიეს, მაგრამ ჩემი პირობა იყო, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მე უნდა დამეტოვებინა ეს თანამდებობა და ახალი ადამიანებისთვის უნდა დაგვეთმო ასპარეზი. ამ პერიოდში ჩვენ ყველა პარტიულ ორგანიზაციაში ჩავატარეთ პრაიმერი. თბილისში მერობის კანდიდატად მოვიდა ადამიანი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკაში – ნიკა მელია. ჩვენი კანდიდატები, მაჟორიტარები, ყველა იყო პრაიმერში გამარჯვებული. ბათუმში ყველა კანდიდატი იყო ახალი სახე პარტიის. ასე იყო ქუთაისში, თითქმის ყველა ქალაქში. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცენტრალური ოფისიდან კი არ დაინიშნენ, არამედ ადგილზე აირჩიეს. ადგილობრივი არჩევნების წინ გავიწიე, ვთქვი, რომ ვასრულებ პირობას და ერთ-ერთი ვიყავი იმათგან, ვინც უჭერდა მხარს ზურაბ ჯაფარიძეს, გამხდარიყო აღმასრულებელი მდივანი. იმიტომ, რომ მიმაჩნდა, რომ განახლებაა მთავარი. ყველაფერში მხარს ვუჭერდი ზურაბ ჯაფარიძეს და მართლა ვიყავი მისი ჯარისკაცი. არასოდეს არ ყოფილა ამის განცდა, რომ ზურას ჰქონდა რაღაც გეგმა და ამ გეგმაში ჰქონდა წინააღმდეგობა.

 

მაშინ დაასახელეთ პარტიიდან ამ ოთხი ადამიანის წასვლის მიზეზი.  


დღეს ასეთი განცდა მაქვს, რომ მე მყავდა თანამებრძოლები, რომელთაც ბრძოლის ველზე მიგვატოვეს და თქვეს, რომ ჩვენ ახლა გავიწევით, სხვა დაჯგუფებას შევქმნით და სხვა მიმართულებიდან შევუტევთ. ახლა ხომ პრობლემა სხვა არის. გუშინ მიღებაზე ვიყავი 26 მაისთან დაკავშირებით და ვნახე მთავრობის წევრების გაბრწყინებული სახეები. ეს გაბრწყინებული სახეები იმიტომ კი არ ჰქონდათ, რომ ეკონომიკა წინ წავიდა და ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდა, არამედ ის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალიდან ოთხი ადამიანი წავიდა. ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენი მოწინააღმდეგები ამბობდნენ, რით ვერ დავშალეთ ეს მონოლითი. ამიტომ ჯობს ვილაპარაკოთ, რეალობა რაც არის. 

მიხეილ მაჭავარიანი
მიხეილ მაჭავარიანი

 

და რა არის რეალობა? ეს ადამიანები ასე მოულოდნელად ადგნენ და წავიდნენ? თუ იყო საუბარი მიზეზებზე?


გეტყვით, როგორ იყო. წინა კვირის განმავლობაში არ ჩანდნენ ეს ადამიანები. შეხვედრის შეთანხმება მოხდა მაშინ, როცა ინფორმაცია გახდა საჯარო. ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი კოლეგა არის იმედგაცრუებული, ამ ხალხმა ხომ ყველაფერი იცის. ყველა ბერკეტი ჰქონდათ ამ ადამიანებს. არც პრაიმერის შეგვშინებია და არც არჩევნების.

 

თქვენი აზრით, რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვიხილავთ ამ ჯგუფს? 

 

იმედი მაქვს, რომ ფასეულობები ჩვენ ერთი გვაქვს და დიდ ბრძოლაში ერთად ვიქნებით. მაქვს ჩემი ეჭვები… მგონი, უფრო მოხდა ის, რომ კვლევებმა, საზოგადოებრივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად არ გაიზარდა “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი. 

 

რა ეჭვები გაქვთ? 

 

მათ იფიქრეს, ხომ არ გავაჩინოთ ახალი ძალა, რომელიც მოიზიდავს ნეიტრალურ ამომრჩეველს?! ეს არის და ეს. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. პალიკო კუბლაშვილზე ვერავინ იტყვის, რომ ახალი სახეა და იმ 9 წელზე, რაც საზოგადოებას შეუძლია მომთხოვოს მე, იგივე შეიძლება მოსთხოვოს მასაც. ან, იგივე გოგა ხაჩიძეს. ზურა ჯაფარიძე, რომელიც მოვიდა, აქტიურად ჩაერთო. მას ჩვენ მივეცით ყველა შანსი.


თქვენ ამბობთ, რომ ერთი ფასეულობები გაქვთ, მომავალში თანამშრომლობას თუ გეგმავთ?  


ახლა ქვეყანაში მთავარი პრობლემაა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა. ის, რომ ეკონომიკა უკან მიდის, საქართველოში იზრდება პრორუსული განწყობები. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს ფასეულობები გაგვაერთანებს და ამ ბრძოლაში ერთად ვიქნებით. ეს იქნება კანონპროექტების გატანა პარლამენტში თუ საარჩევნო კამპანია.


არის საუბარი, რომ ეს ჯგუფი ცალკე ფრაქციას შექმნის. ხომ არ შეუერთდება პარლამენტში ამ ჯგუფს კიდევ ვინმე “ნაციონალური მოძრაობიდან”?


იყო რაღაც შეთავაზებები. ჯერ დეტალები არ ვიცი. ის ვიცი, რომ ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ და ქვეყანა წავიდეს წინ. ამ ბრძოლაში გვჭირდება თანამოაზრეები. ჩვენ ფასეულობების გარშემო გაერთანებული პარტია ვართ. შეიძლება ვინმეს ვინმე პარტიის შიგნით არ უყვარს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ფასეულობა. რაღაცებს გადავდებთ ხოლმე და ვამბობთ, მთავარია ფასეულობები. ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ ადამიანებს, ვინც ციხეშია პოლიტიკური ნიშნის გამო. ვანო, ბაჩო, გიგი, ბობოხიძე ლევანი და ხონის გამგებელი….

 

ამ შემთხვევაში რატომ არ მოხდა ფასეულობების გარშემო გაერთიანება?  

 

ბერტოლდ ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე” უნდა წავიკითხოთ. იქ მიხეილს რომ იყოფენ, ალბათ, გახსოვთ. 


თქვენც მიხეილ სააკაშვილი ვერ გაიყავით? 


არ ვიცი, ალბათ ვიღაც ფიქრობს, რომ ახლა ის დრო არ არის, რომ მიხეილი გავგლიჯოთ. ვიღაც ფიქრობს, რომ ახლა მაგის დროა. ეს ძალიან საინტერესო სცენაა – ვისია მიხეილი…


ე.ი.  “ნაცმოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის გამიჯვნის საკითხი იყო სადავო?


კავკასიური ცარცის წრე წავიკითხოთ. 


და ვისია მიხეილი? 


ქართველი ხალხის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი