მთავრობის მიერ “მწვანე ალტერნატივის” დისკრედიტაცია საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა

“მწვანე ალტერნატივის” ინფორმაციით, 2019 წლის ანგარიშში „სახიფათო სამუშაო – ბრძოლა გარემოს დამცველების წინააღმდეგ“, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დამცველთა უფლებადარღვევებს და მათ საფრთხეებს მიმოიხილავს, მოხვდა „მწვანე ალტერნატივის“ მაგალითიც, სადაც, საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით,  გარემოს დამცველთა დისკრედიტაციის მცდელობა იკვეთება.

კვლევა ერთობლივად რამდენიმე საერთაშორისო, გარემოსა და უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ჩაატარა, მათ შორის Crude Accountability-მა, რომელიც შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში მუშაობს, FracTracker Alliance-მა, რომელიც გარემოსა და ადამიანის უფლებებს აშშ-ში იკვლევს და ყაზახეთის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა EcoForum.

ანგარიშში შესწავლილია 40-მდე შემთხვევა აშშ-დან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც მთავრობები და კორპორაციები გარემოს დამცველებზე ძალადობენ, ემუქრებიან მათ და აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ისინი ამხელენ კორუფციას, მოითხოვენ ინფორმაციის გამჭვირვალობას ინვესტიციებისა და პროექტების შესახებ.

მაგალითები საქართველოდან „მწვანე ალტერნატივის“ მიმართ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლის განცხადებებს ეხება. ერთ-ერთი შემთხვევა 2013 წელს ხუდონის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგობას ასახავს, რომელიც ორი სოფლის დატბორვას და 2000-მდე ადამიანის გადასახლებას ითვალისწინებდა და „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, ასევე, საფრთხეს უქმნიდა ბიომრავალფეროვნებას. ამის გამო, მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ „მწვანე ალტერნატივას“ საჯაროდ “რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი” უწოდეს  და ორგანიზაცია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაადანაშაუელეს.

კვლევაში, ასევე, შესულია საქართველოს წინა ხელისუფლების დროინდელი, 2012 წლის მაგალითიც, როდესაც „მწვანე ალტერნატივამ“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა; საქმე ეხებოდა კანონს, რომელიც გარემოს მსხვილ დამბინძურებლებს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას უმცირებდა. კრიტიკის საპასუხოდ, მაშინდელმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები „ფარისევლურ დამოკიდებულებაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, მისი მიზანი „საშინელი სურათის“ დახატვა და სკანდალის შექმნა იყო.

ზემოაღწერილი შემთხვევები საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც „მცდელობები, დისკრედიტაცია გაუწიონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის და პარლამენტის გადაწყვეტილებებს ეწინააღდეგებიან“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.