ახალი ამბები

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 11 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

7 დეკემბერი, 2019 • 2224
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 11 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოსა და არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების თაობაზე და პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.

ბავშვთა ტრეფიკინგის და პორნოგრაფიის დამზადების ბრალდებით 11 პირი 5 დეკემბერს დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანთა მშობლები და ერთი პედაგოგი.

გამოძიები ინფორმაციით, მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადების ბრალდებით 11 პირი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი