ახალი ამბები

საქართველოს დელეგაციას PACE-ში ჩუგოშვილის ნაცვლად კობახიძე უხელმძღვანელებს

7 დეკემბერი, 2019 • 1203
საქართველოს დელეგაციას PACE-ში ჩუგოშვილის ნაცვლად კობახიძე უხელმძღვანელებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე, რომელიც 27 იანვარს გაიხსნება, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ახალი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

დელეგაციას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კობახიძის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პრიორიტეტი იქნება იმ ინტერესების წარმოდგენა, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან და ზოგადად, საქართველოს პოზიციების გამყარებასთან საერთაშორისო დონეზე.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც, PACE-ს დელეგაციის კიდევ 2 წევრთან – სოფიო ქაცარავასთან და ნინო გოგუაძესთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების გამო.

“ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში, ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან შეხვედრებს მართავენ. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი კახა კუჭავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი