ახალი ამბები

გვარამიას თქმით, ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე დაიკითხა

6 დეკემბერი, 2019 • 1256
გვარამიას თქმით, ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე დაიკითხა

სასამართლოში გამართული დაკითხვის შემდეგ “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. Facebook პოსტზე გამოძიების დაწყებას კი გვარამია “მთავარ არხს” უკავშირებს.

როგორც ის ამბობს მის პოსტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით დაიწყო, რაც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს და  სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჟურნალისტის კითხვაზე როგორ განმარტა პროკურატურამ საქმისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭება, გვარამია პასხუბობს: “რადგან ეს ეხება სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ჩემი პოსტია.” გვარამიას შეფასებით, ზოგადად საქართველოს სამართალდამცავი სისტემა სრულიად აბსურდულად იყენებს საიდუმლო გრიფს და არღვევს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპს. მან ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან მისი თქმით, სწორედ ამ მოსამართლემ გასცა განჩინება მისი ოჯახის წევრების თვალთვალის თაობაზე.

“საიდუმლო გრიფი ადევს და გაგვიმარტეს, რომ გრიფი ამ ეტაპზე გულისხმობს რა შეკითხვებიც დაგისვით ისინი არ გაახმოვანოთო, თუმცა არაფერი გასახმოვანებელი არ არის. თქვენ თავად შეგიძლიათ ივარაუდოთ რა კითხვებს დასვამდნენ. რა ვიგულისხმე დამხობაში და რა ვიგულისხმე უზურპატორში. თუ არ იციან უზურპატორში რა ვიგულისხმე მაშინ რატომ დაიწყეს [გამოძიება],”-ამბობს გვარამია.

საქმის პროკურორის ელიზბარ გოზალიშვილი არ ამბობს რატომ დაედო საქმეს საიდუმლო გრიფი. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მას “ფაქტობრივი მონაცემების” გამჟღავნება მოუწევს, რისი უფლებაც კანონით არ აქვს.

“რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული,”-ამბობს პროკურორი.

5 დეკემბერს ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მისთვის გაგზავნილი უწყება, სადაც მას სუს-ში იბარებენ ფეისბუკზე „უზურპატორის დამხობაზე“ დაწერილი პოსტის გამო.

გვარამიას თქმით, სუს-ში „დამხობაზე“ პოსტის გამო იბარებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი