ახალი ამბები

გვარამიას თქმით, სუს-ში „დამხობაზე“ პოსტის გამო იბარებენ

5 დეკემბერი, 2019 • 1286
გვარამიას თქმით, სუს-ში „დამხობაზე“ პოსტის გამო იბარებენ

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას თანახმად, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ ფეისბუკზე „უზურპატორის დამხობაზე“ დაწერილი პოსტის გამო.

უწყებაში, რომელიც გვარამიამ გაავრცელა, წერია, რომ ის სუს-ში 6 დეკემბერს, 11:00 საათზეა დაბარებული.

წყარო: ნიკა გვარამია/ფბ

გვარამიას ამ პოსტში, რომელიც მოგვიანებით ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააზიარა, ვკითხულობთ:

„სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში არ მიმდინარეობს. მეტიც, საერთოდაც, დაპირისპირებაც კი არ მიმდინარეობს.

საქართველოში უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ ერქვათ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე.

ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც

  • არც თავისი ნებით მიდის
  • და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს

ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და

უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !

სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არადა – სამშობლოს დავკარგავთ”, – წერია გვარამიას პოსტში.

მოგვიანებით სააკაშვილმა თავის გვერდზე გაზიარებულ პოსტს განმარტება გაუკეთა:

“ნიკა მართალია იმაში, რომ ივანიშვილი თავს დაესხა სრულიად საქართველოს და ჩვენ გვმართებს მისი მოგერიება”, – დაწერა სააკაშვილმა.

ამ საკითხთთან დაკავშირებით ტვ პირველზე საუბრისას სააკაშვილის თანაპარტიელმა სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ “უზურპატორის წასვლის” სინონიმი მრავალი არსებობს:
“უზურუპატორი უნდა წავიდეს, დიახ, უნდა დათმოს ძალაუფლება. სინონიმები სხვადასხვა არსებობს, შინაარსი არის, ვფიქრობ, ერთი და იგივე, რომ ქვეყანაში ივანიშვილის მმართველობა უნდა დასრულდეს. იმიტომ, რომ ასეთია ქართველი ხალხის ნება.

ივანიშვილი გვეუბნება, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა უნდა ქართველ ამომრჩეველს, მე არსად წასვლას არ ვაპირებ. მან ისიც განაცხადა ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან, რომ პოლიტიკადან არ წავა, სანამ ოპოზიცია მისთვის მისაღები არ იქნება. ეს გზავნილი რას ნიშნავს? რომ დიახ, ხდება ძალაუფლების უზურპაცია, როცა ქვეყნის არაფორმალურ მმართველს მიაჩნია, რომ არა მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ძალას უნდა აკონტროლობდეს, არამედ ოპოზიციასაც. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ უზურპატორი უნდა წავიდეს, გნებავთ, უზურპატორი უნდა დაემხოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უნდა აღდგეს დემოკრატიული პროცესი”, – განაცხადა სამადაშვილმა.

“ჩვენი გეგმა არის, ქვეყნაში პოლიტიკური ძალუფლება გამოვართვათ უზურპატორს, ეს უნდა მოხდეს, ჩვენი შეხედულებით, რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეულად და ამისთვის ვთავაზობთ ხელისუფლებას გამოსავალს, რომ შეიცვალოს [საარჩევნო] სისტემა. ამის ნაცვლად ხელისუფლება მოდის ძალადობაზე, ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ვერც ძალადობით შეინარჩუნებს ივანიშვილი ქვეყანაში უზურპატორის როლს“.


„ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ უზურპატორი უნდა წავიდეს, გნებავთ, უზურპატორი უნდა დაემხოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უნდა აღდგეს დემოკრატიული პროცესი“, – ასე გამოეხმაურა ამ პოსტს მოგვიანებით ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი